მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ბენეფიციარების ვიზიტი თუშეთის ეროვნულ პარკში


2013 წლის 13-16 სექტემბერს ჩატარდა სასწავლო ტური თუშეთში პროექტის ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ფარგლებში. ტურში მონაწილეობდნენ პროექტის ბენეფიციარები - საოჯახო სასტუმრო სახლების, ცხენების გაქირავების პუნქტის, ქალთა საწარმოს წარმომადგენლები და ადგილობრივი გიდები, ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგეობების და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ თანამშრომლები. ტურის მონაწილეები გაეცნენ თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, იქ არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას და მომსახურებას, მიიღეს ინფორმაცია თუშეთის ეროვნული პარკისა და მისი ადმინისტრაციის შესახებ, დაათვალიერეს ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო სახლები, ცხენების გაქირავების პუნქტები, ,,თუშური ფარდაგის სახლი”, დააგემოვნეს თუშური სამზარეულოს კერძები და გაეცნენ ადგილობრივ ტრადიციებს, ადგილობრივებმა მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ტურიზმის სფეროში.
თუშეთში ორგანიზებული სასწავლო ტურის შედეგად პროექტის ბენეფიციარებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ დაცული ტერიტორიების, ტურისტული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, გაიზარდა მათი მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, გაიზიარონ და გაითვალისწინონ თუშეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ საქმიანობაში, ითანამშრომლონ ტურიზმის სფეროში ჩართულ პირებთან და მიიღონ საჭირო ცოდნა და გამოცდილება. 
პროექტს ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ 2013 წლის მაისიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახორციელებს. პროექტის მიზანია ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში (დამხმარე ზონაში): პატარა ხანჩალი, ეფრემოვკა, ჟდანოვი, სამება, დადეში, სულდა, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, ბოზალი, კარწახი ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ეკოტურიზმის განვითარების პროექტი ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ნაწილია, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW მეშვეობით და ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF  თანამშრომლობით.