მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

„პურის ფესტივალი“ სამცხე-ჯავახეთში

2021 წლის 23 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა „პურის ფესტივალი“, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია
„ელკანამ“ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ტრადიციული და ადგილობრივი პროდუქტების, მათ შორის ადგილობრივი პურისა და ხორბლის პოპულარიზაციას, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობას და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივებისა და თანამშრომლობითი აგრო-სასურსათო ჯაჭვების წარმოჩენა-წახალისებას.
ფესტივალზე ცალკე სივრცე დაეთმო ქართულ ხორბალს - სტუმრები ინტერესით ათვალიერებდნენ ხორბლის ენდემური სახეობებისა და აბორიგენული ჯიშების, მათ შორის ახალციხის წითელი დოლის და კორბოულის დოლის, ჯავახეთისა და ქართლის დიკას, ჩელტა და გვაწა ზანდურის, მახას რამდენიმე სახესხვაობის, კოლხური ასლის თავთავებს და შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ხორბლის ამ სახეობებისა და ჯიშების უპირატესობებისა და მოვლა- მოყვანის თავისებურებების შესახებ. ფესტივალის სტუმრები ასევე დაინტერესდნენ ადგილზე არსებულ თონეებში ახალციხის წითელი დოლისა და დიკას პურების ცხობის პროცესით, პურის ცხობაშიც მიიღეს მონაწილეობა და გამომცხვარი პურიც სიამოვნებით დაგემოვნს. ადგილზე გამომცხვარი პურის გარდა, ფესტივალზე ფერმერებს წარმოდგენილი ჰქონდათ ტრადიციულ მესხურ ფურნეში გამომცხვარი მესხური ქადა და პური - შოთი, კაკალა, სომინი; ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალციხეში მოქმედ საცხობებში გამომცხვარი პურიც.
ტრადიციული პროდუქტისა და სამზარეულოს სივრცეში ფერმერებმა, ფერმერთა ასოციაციებმა და საწარმოებმა წარმოადგინეს ადგილობრივი პროდუქტი - ტენილი ყველი, კამეჩის მაწონი და ყველი, აპოხტი, თუთის ნაწარმი - ტყლაპი, ბაქმაზი, მურაბა, ძმარი, ჭანჭურის ჯემი, ჩირი, თაფლი, ღვინო, ქვევრის ლუდი და სხვ. აქვე იყო ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდან ფერმერების მიერ ჩამოტანილი პროდუქტი - თაფლი, თხილი, ჩაი, კენკრის ჯემები და წვენები, მშრალი ხილი, დამბალხაჭო და სხვ.
ტრადიციული რეწვის საგამოფენო სივრცეში საკუთარი ნაწარმი წარმოადგინეს როგორც ადგილობრივმა ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ინდივიდუალურმა მწარმოებლებმა და სახელოსნოების წარმომადგენლებმა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, National Geographic Magazine - საქართველოს, სამცხე- ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის კავკასიის ახალციხის ოფისის სტენდები. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (GACC) ხელშეწყობით ფესტივალის საგამოფენო სივრცეებში საინტერესო და მრავალფეროვანი პროდუქცია წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მწარმოებლებმა.
 

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და თოჯინების თეატრის წარმოდგენები, ნატურალური ქსოვილისგან შექმნილი კოსტუმების ჩვენება, ასევე იოგის, სპორტული ცეკვების, თიხის ამოყვანის, თეფშებზე და ტექსტილზე ხატვის მასტერკლასები.
ფესტივალზე გაიმართა ფოტოგამოფენა - „სამცხე-ჯავახეთი - გვაქვს უთვალავი ფერითა“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო National Geographic Magazine - საქართველოსთან ერთად ჩატარებულ ფოტოკონკურსში - Yourshot საქართველოს - მონაწილე საუკეთესო ფოტოები. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსის გამარჯვებულებიც.
„პურის ფესტივალმა“ უმასპინძლა ფართო საზოგადოებას - მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო ინსტიტუტების, მედიის წარმომადგენლები, ტუროპერატორები და სხვ.
ფესტივალის ცალკეული ღონისძიებები გააშუქეს სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალმა
„სამხრეთის კარიბჭემ“, ახალციხის ტელეკომპანიამ „მეცხრე არხმა“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა მაუწყებელმა TOK TV-მ , სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“, „ბიზნეს მედია საქართველომ“, „ფორმულამ“, "ევრონიუს საქართველომ“ .
პურის ფესტივალი, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით წელს რეგიონში 10-წლიანი შესვენების შემდეგ მესამეჯერ ჩატარდა, უდავოდ წარმატებული იყო. კოვიდპანდემიის მიუხედავად, ღონისძიებას უამრავი სტუმარი ჰყავდა, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ფესტივალი საინტერესო, ლამაზი და მრავალფეროვანი იყო. ფესტივალმა ერთმანეთს შეახვედრა ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლები და მომხმარებელი, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იყო - მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და კარგ ფასად გაყიდვის საშუალება ჰქონდათ, მომხმარებელს კი განსაკუთრებული პროდუქტების გაცნობის, დაგემოვნებისა და შეძენის.
მნიშვნელოვანია, რომ წელს „ელკანას“ ინიციატივას შემოუერთდა რეგიონის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO), რამაც ხელი შეუწყო რეგიონის ტურისტული პოტენციალის უფრო სრულყოფილად წარმოჩენასაც.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის ვებგვერდზე