მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

მეთხილე ფერმერთა ასოციაცია „კავკასნათის“ პროდუქცია ბიო და Rainforest Alliance ჯგუფური სერტიფიკატების მფლობელი გახდა!

2021 წელი მეთხილე ფერმერთა ასოციაცია „კავკასნათმა“ მნიშვნელოვანი სიახლით დაასრულა - ასოციაციამ 686 ფერმერზე აიღო Rainforest Alliance, ხოლო 272 ფერმერზე - ევროკავშირში აღიარებული ორგანული ჯგუფური სერტიფიკატები.

ასოციაცია მუშაობს დასავლეთ საქართველოს 700-მდე ფერმერთან, რომლებიც თხილის პლანტაციებს ორგანული და Rainforest Alliance სტანდარტების შესაბამისად მართავენ. ასოციაცია „კავკასნათის“ საწარმოო შესაძლებლობები ამ ეტაპზე 1300-მდე ტონა ნაჭუჭიან თხილს შეადგენს, საიდანაც 2021 წელს 400-მდე ტონა ბიოსერტიფიცირებულია და აქედან 55 ტონა უკვე გავიდა ევროპის ბაზარზე.  ასოციაცია „კავკასნათი“ წევრების რაოდენობისა და წარმოების პოტენციალის ყოველწლიურად 20-30%-ით გაზრდას გეგმავს.

ასოციაცია „კავკასნათი“ 2020 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების 8 კოოპერატივისა და ფერმერთა ერთი არაფორმალური  ჯგუფის ინიციატივით დაარსდა.

ასოციაცია „კავკასნათის“ ამოცანებია:

  • თხილის მწარმოებელ ფერმერთა სერტიფიცირების ხელშეწყობა ბიო და Rainforest Alliance სტანდარტების შესაბამისად;
  • სერტიფიცირების სისტემაში ჩართული ფერმერების დახმარება პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი რჩევებითა და ტექნიკური მხარდაჭერით;
  • ბიო და Rainforest Alliance სერტიფიცირებული თხილის ფასნამატით რეალიზაციის ხელშეწყობა დაინტერესებული საბაზრო პარტნიორების მეშვეობით;
  • მეთხილე ფერმერთათვის აუცილებელი სხვადასხვა მომსახურების განვითარებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა.

ასოციაცია "კავკასნათი" იყენებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ჯგუფური სერტიფიცირების სისტემას, რომლის მეშვეობით ახორციელებს წევრი ფერმერების მუდმივ სწავლებას /ინფორმირებას, მათი მეურნეობების ინსპექტირებას, ხელს უწყობს მათ გარე აუდიტს აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ და უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას საწარმოო ჯაჭვის ყველა დონეზე.