მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ასოციაცია „კავკასნათმა“ ბიოპესტიციდებისა და ბიოსასუქების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე შეხვედრა გამართა

11 მარტს ონლაინ შეხვედრა - „ბიოპესტიციდებისა და ბიოსასუქების ხელმისაწვდომობის პრობლემები საქართველოში“ ასოციაცია „ელკანას“, ბიოთხილის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია „კავკასნათისა“ და შვეიცარიული ორგანიზაცია ჰექს-ეპერის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ბიოპრეპარატების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები („ბიოაგრო“, „აგრობესტი“, „ბესტსერვისი“, „აგროქართლი“, „კარტლისი“, „ბორნოფქიმია“, „აგროვიტა“, „აგროცენტრი“), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს წარმომადგენლები, დაინტერესებული ფერმერები და  აგრომიმართულების ტელევიზია „საფერავი TV“-ს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე, პროექტში ჩართულმა აგრონომებმა - ზურაბ ხიდეშელმა და ლაშა ციგრიაშვილმა, წარმოადგინეს 2021 წელს პროექტის ფარგლებში შერჩეულ სადემონსტრაციო ნაკვეთებში განხორციელებული ცდის შედეგები და ნაკვეთებში 2019-2021 წლების მანძილზე არსებული პრობლემები. ამასთან, ასოციაცია „კავკასნათის“ წარმომადგენელმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ბიოსაშუალებებზე ხელმისაწვდომობის ის ძირითადი პრობლემური საკითხები, რომელთაც ასოციაცია ბიო სერტიფიცირების პროცესში აწყდება, კერძოდ: პრეპარატების რეგისტრაცია, სერტიფიცირება, ცნობადობა, კონსულტანტების კვალიფიკაცია, გახსნილი და ვადაგასული პრეპარატები, შენახვა და დასაწყობება.

მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში ბიოპესტიციდებისა და ბიოსასუქების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები.  ხაზი გაესვა კერძო სექტორის, მეურნეების, დარგის სპეციალისტებსა და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობის აუცილებლობას და ბიოსაშუალებების კვლევის შედეგების ფართო საზოგადოებისათვის მიწოდების აუცილებლობას. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ასოციაცია „ელკანა“ ხელს უწყობს და ახალისებს ასეთ თანამშრომლობას, უკვე მეორე წელია რაც პროექტში აქტიურად ხდება ასეთი ღონისძიებების უზრუნველყოფა და ასოციაცია „კავკასნათის“ წევრ ბიოფერმერთა საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჩატარებული ბიოსაშუალებების ცდების შედეგად მიღებული შედეგების ბიოსაშუალებების მომწოდებლებისა და ფერმერებისათვის გაზიარება.

ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ წელს პირველად, საქართველოს ბიუჯეტში ჩაიწერა და ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის  გამოიყო 300 000 (სამასი) ათასი ლარი.