მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

„პურის ფესტივალი“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

„პურის ფესტივალი“ „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეოთხედ, იმართება ახალციხეში. წელს ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ტარდება.

ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათი მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ ადგილზე გამომცხვარ სხვადასხვა სახეობის ხორბლის პურს, ადგილობრივ პროდუქტებსა და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს. ფესტივალზე გაიმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ქართველმა და უცხოელმა მეწარმეებმა. ტრადიციული პროდუქტისა და სამზარეულოს სივრცეში ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები და საწარმოები წარმოადგენენ 50-მდე ადგილობრივ პროდუქტს. მათ შორის ტრადიციულ მესხურ ფურნეში გამომცხვარ მესხურ ქადას, კაკალა პურს, სომინს, ტენილ ყველს, კამეჩის მაწონს, ასევე ყველს, აპოხტს, თუთის ნაწარმს, თაფლს, ღვინოს, ქვევრის ლუდს და სხვ. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ხალხური რეწვის ოსტატები, მსახიობები, მოცეკვავეთა და მომღერალთა ანსამბლები რეგიონიდან და თბილისიდან. ღონისძიებას უამრავი მონაწილე და სტუმარი ეწვევა. ფესტივალი ერთმანეთს შეახვედრებს ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებს და მომხმარებლებს. ასევე, დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები. გაიმართება ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის ეთნოლოგიური ღირსშესანიშნაობის თემაზე და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.


სამონაწილეო და სასპონსორო შეთავაზებები

ინფორმაცია მონაწილეთათვის

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას, მათ შორის უცხოელ და ადგილობრივ მეწარმეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ თანამშრომლობითი და ბიზნეს ურთიერთობები, გახადონ პროდუქტი უფრო ცნობადი როგორც რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით.

ფესტივალში მონაწილეობა უფასოა რეგიონში მცხოვრები მეწარმეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული ხორბლის, ადგილობრივი და ტრადიციული პროდუქციის წარმოებითა და გაყიდვით. ასევე, მეურნეებისთვის, ვინც ეწევა ორგანულ სოფლის მეურნეობას და/ან კლიმატგონივრულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

თუ გსურთ გახდეთ ღონისძიების მონაწილე, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ლინკი - https://forms.gle/sXteQMUW62TJ3Nsb9

ინფორმაცია სპონსორებისთვის: სასპონსორო შეთავაზება - „პურის ფესტივალი“

რეგისტრაციის ვადა: 10.10.2022


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს - www.breadfestival.ge

ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: breadfestival@elkana.org.ge; ruraldev@elkana.org.ge

ღონისძიება გაიმართება 2022 წლის 22 ოქტომბერს; დასაწყისი 13:00 საათზე.

მისამართი: ქალაქი ახალციხე, ახალციხის ციხის ტერიტორია, ხარისჭირაშვილის ქ. 1.