მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

„ელკანა“ გასტრონომიის საერთაშორისო გამოფენაზე - Terra Madre Salone del Gusto

2022 წლის 22-26 სექტემბერს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ მონაწილეობა მიიღო გასტრონომიის საერთაშორისო გამოფენაზე - Terra Madre Salone del Gusto, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, Slow Food-ის ორგანიზებით, ტურინში ტარდება და აერთიანებს სურსათის და არტიზანული/ტრადიციული პროდუქტის მწარმოებლებს მთელი მსოფლიოდან. Terra Madre 2022-ის მიზანია გლობალური დიალოგის ფორმატში დღეს არსებული სასურსათო სისტემის გაუმჯობესების გზების დასახვა.

წელს Slow Food-ზე, სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტი გაკეთდა ეკოსისტემებში მიმდინარე ცვლილებებზე, ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების დეგრადაციის შედეგად გამოწვეულ მიგრაციებზე, ასევე თანასწორობის და თანამონაწილეობის საკითხებზე.

ბიომრავალფეროვნების დარბაზში ელკანამ წარმოადგინა ხორბლის ენდემური სახეობები - დიკა, მახა, ჩელტა ზანდური, კოლხური ასლი და ჰექსაპლოიდური ზანდური, ხორბლის ადგილობრივი ჯიში - ახალციხის (მესხური) წითელი დოლის პური; ასევე სხვადასხვა სახეობის პარკოსნები, მშრალი ხილი და ბიოთხილი საქართველოდან. ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სხვადასხვა შეხვედრებში, სადაც განიხილებოდა ორგანული სოფლის მეურნეობისა და სამრჩევლო მომსახურების საჭიროებები, თემის განვითარებაზე დაფუძნებული ტურიზმი, როგორც მთის სოფლების აღორძინების ინსტრუმენტი.