2022 წლის 4 ნოემბერს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ახალციხის ოფისმა მონაწილეობა მიიღო სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, რომელიც ქალაქ ახალციხეში ჩატარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების და ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა მეწარმე და ფერმერული მეურნეობების მქონე ქალებმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა სოფლად მცხოვბრებ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და ხელშეწყობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, გაეცნენ წარმატებულ ფერმერ ქალთა ისტორიებს. აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები თავიანთი საქმიანობით განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების წარდგენისთვის განსაზღვრული სივრცის ფარგლებში, ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენელმა გააკეთა ორგანიზაციის შესახებ პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას „ელკანას“ ახალციხის ოფისის შესახებ, მიმოიხილა ორგანიზაციის საქმიანობები, რომლებშიც სოფლად მცხოვრებ ქალებს შეუძლიათ ჩაერთონ, აღნიშნა, რომ ასოციაცია „ელკანა“ ხელს უწყობს, ახალისებს და მიესალმება ორგანიზაციის საქმიანობებში სოფლად მცხოვრები ქალების მონაწილეობას.