მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენინგი „ხარჯი და სარგებელი მოკლე სასურსათო ჯაჭვებში“

 

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ მონაწილეობა მიიღო პროექტის - „თანამშრომლობა აგროსასურსათო ჯაჭვებში (COACH)“ ფარგლებში ორგანიზებულ ორდღიან ტრენინგში „ხარჯი და სარგებელი მოკლე სასურსათო ჯაჭვებში“, რომელიც გაიმართა იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ფლორენციის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტში, 2023 წლის 16-17 თებერვალს. მონაწილეობდნენ COACH პროექტის პარტნიორები, პროექტში ჩართული მწარმოებლები და მცირე მეურნეების საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტრენინგს ესწრებოდა „ელკანას“ ორი თანამშრომელი და მოკლე სასურსათო ჯაჭვის პროექტში ჩართული სამი მწარმოებელი.

 

ტრენინგის მიზანი იყო მცირე მეურნეებისა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება, მოკლე სასურსათო ჯაჭვებში მათი ჩართულობის უფრო ეფექტიანად წარმართვისა და საკუთარი პოზიციების დაბალანსებისთვს. ტრენინგის პროგრამა მოიცავდა სასწავლო ვიზიტს იტალიის ქალაქ პრატოში და მის შემოგარენში, „გრანპრატოს“ (GranPrato) მოკლე სასურსათო ჯაჭვებში ჩართულ მწარმოებლებთან, მათი საქმიანობის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

ტრენინგი წარიმართა მასში მონაწილეთა მიერ საკუთარი გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკებისა და მეთოდების გაზიარების ფორმატით. ასოციაცია „ელკანამ“ ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარა აგრარული ბიომრავალფეროვენების შენარჩუნების კუთხით საკუთარი გამოცდილება სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის სამუშაო სესიაზე.