ზემო ხოდაშენის შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა
მოკლე ისტორია

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხებზე 1996 წლიდან მუშაობს. 


„ელკანას“ შინაური ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა 2011 წლიდან ფუნქციონირებს თელავიდან 12 კილომეტრში, სოფელ ზემო ხოდაშენში. 


მეურნეობის მიზანია ადგილობრივი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი შინაური ცხოველების ჯიშების მოშენება, დაცვა, პოპულარიზაცია და მათი გავრცელების ხელშეწყობა დაინტერესებულ ფერმერებს შორის.


კულტურულ მცენარეთა და შინაურ ცხოველთა ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამასთანავე დიდი ეკონომიკური და მეცნიერული ღირებულება აქვთ. მაღალხარისხიანი ტრადიციული პროდუქტების წარმოება ადგილობრივ გენეტიკურ რესურსებს ეფუძნება, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც. 


ადგილობრივი ჯიშები კარგად ეგუებიან ადგილობრივ გარემო პირობებს და გამოირჩევიან გამძლეობით კლიმატური პირობების, მავნებლებისა და დაავადებებისადმი, რის გამოც მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ სელექციისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების პირობებში.

                


საქმიანობების აღწერა

ამჟამად მეურნეობაში მიმდინარეობს ქართული მთის ძროხის ფშავ-ხევსურული პოპულაციის, კავკასიური წაბლას, კახური ღორის, ქათმის ადგილობრივი პოპულაციების (მეგრულა, ნაცარა), ჯავახური ბატისა და თუშური ცხენის კონსერვაცია.


დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ შეიძინონ მეურნეობაში მოშენებული ადგილობრივი ჯიშების ნამატი, ასევე მიიღონ ინფორმაცია მათი მოვლის, მოშენებისა და ტრადიციული გამოყენების შესახებ.

მეურნეობა ასევე ფუნქციონირებს როგორც აგროეკოლოგიური სკოლა, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სადემონსტრაციო მოდელი, მათ შორის - პერმაკულტურის სადემონსტრაციო მოდელი და საქართველოს მიწათმოქმედების ისტორიის ამსახველი მუდმივმოქმედი გამოფენა.
პერმაკულტური მოდელი მოიცავს ხეხილისა და ვაზის ნარგაობას, ქარსაფარ ზოლს და წვიმის წყლის შეგროვების სისტემას. ტერიტორია აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემითა და მზის ბატარეებით.  

 


 

ღონისძიებები

აგროეკოლოგიის სკოლის ფარგლებში რეგულარულად იმართება ფესტივალები, ფერმერთა დღეები, ტრადიციული პურის ცხობის მასტერკლასები, ფილმების ჩვენებები, ლექციები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც ეძღვნება აგრარული ბიომრავალფეროვნებას, ბიომეურნეობასა და აგროეკოლოგიას.

          


 

აგროტურისტული საქმიანობა


ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ მეურნეობას, გაეცნონ ადგილობრივი ჯიშის ცხოველებს, მონაწილეობა მიიღონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და სხვადასხვა ღონისძიებაში, ასევე დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული ტრადიციული პროდუქტები.

          


 

საკონტაქტო ინფორმაცია

„ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობაში ვიზიტის დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: 
ruraltourism@elkana.org.ge
+995 599 19 55 18
სოფელი ზემო ხოდაშენი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი