მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სიახლეები

ტრენინგი კლიმატისა და კატასტროფის რისკების მონაწილეობითი შეფასების თემაზე

                                                                                                           


ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ პროექტის - „ორგანული სოფლის მეურნეობის სოფლის განვითარების და აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, სამცხე-ჯავახეთში, წნისში, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა - „მარცვლეულის კიდობანში“, კლიმატისა და კატასტროფის რისკების მონაწილეობითი შეფასების თემაზე 6-დღიანი ტრენინგი ჩაატარა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან „პური მსოფლიოსთვის“ BfdW და FAKT Consult-თან თანამშრომლობით. ტრენინგს წარუძღვა FAKT Consult -ის კონსულტანტი გოტფრიდ ჰორნებერი. მონაწილეობდნენ საქართველოდან და სომხეთიდან BfdW-ის პარტნიორი ორგანიზაციების ათი თანამშრომელი და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების წნისისა და კლდეს თემიდან თვრამეტი ადგილობრივი წარმომადგენელი.

ტრენინგის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა კლიმატის ცვლილების გამოწვევების შესახებ, იმსჯელეს თუ როგორ უპასუხონ ამ გამოწვევებს ადგილზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე ორიენტირებული მეთოდებით. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა / ტრენერებმა მიიღეს კლიმატისა და კატასტროფის რისკების მონაწილეობითი შეფასების მეთოდის კონცეფციის, მოდულებისა და სავარჯიშოების, ასევე თემებთან მუშაობისას ამ მეთოდის პრაქტიკული გამოყენების ცოდნა. ხოლო ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა გააანალიზეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები, რომლებიც მათ სოფლებში არსებობს  და შეიმუშავეს მათი სოფლებისთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმა. ტრენინგის ბოლო დღეს, ჩატარდა თემის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტრენინგის მონაწილეებმა, ადგილობრივი თემის სხვა წარმომადგენლებმა, თემის ლიდერებმა, ასევე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლბმა. დასკვნით შეხვედრაზე, ტრენინგის მონაწილე ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციები გააკეთეს, საკუთრების შეგრძნების გაზდრისა და რეალური ქმედებების წახალისების მიზნით.