მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

„პურის ფესტივალი 2023“ სამცხე-ჯავახეთში

                                                                                                                                                                        


2023 წლის 21 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, „პურის ფესტივალი 2023“ ჩატარდა. ღონისძიება, ტრადიციულად, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით.

ფესტივალის სტუმრები გაეცნენ ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნეს როგორც ადგილზე გამომცხვარი, ასევე ფერმერულ მეურნეობებსა და საცხობებში გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები. ფესტივალზე გაიმართა ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა პურისა და მესხური კერძების მომზადების მასტერკლასები. ფესტივალის საგამოფენო სივრცეებში მონაწილეობა მიიღეს ტრადიციული პროდუქტისა და ხელნაკეთობების მწარმოებლებმა როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებიდან. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით და ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა. გაიმართა ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის ეთნოლოგიური ღირსშესანიშნაობის თემაზე, გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.

„პურის ფესტივალმა“ უმასპინძლა ფართო საზოგადოებას - სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო ინსტიტუტების, მედიის წარმომადგენლები, ტუროპერატორები, ტურისტები და სხვ.

„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც პირველად 2010 წელს ჩატარდა ახალციხეში, მას შემდეგ, „ელკანას“ ინიციატივით, ღონისძიება უკვე მეხუთედ გაიმართა და ყოველწლიურად უფრო მასშტაბური და საინტერესო ხდება როგორც მასში მონაწილე მწარმოებლებისთვის ასევე სტუმრებისთვის. ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების  წარმოჩენა-წახალისება. პურის ფესტივალი საინტერესო გამოცდილებებისა და შთაბეჭდილებების მიღების საშუალებას აძლევს როგორც რეგიონის მაცხოვრებლებს, ასევე ჩამოსულ სტუმრებს, კარგად წარმოაჩენს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, აცოცხლებს ადგილობრივ ეკონომიკას, ხელს უწყობს ადგილობრივი მცირე წარმოების განვითარებას, ფერმერებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და გაყიდვების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წახალისებას. აღსანიშნავია, რომ წელს პურის ფესტივალის თანადაფინანსებით დაინტერესდა რეგიონში მოქმედი ბიზნესი, კერძოდ, სასტუმროების ქსელი „ინ ჰოსფითალითის“. პურის ფესტივალის თანადაფინანსების ინტერესი ადგილობრივი ბიზნესის/ბიზნესების მხრიდან, მნიშვნელოვანია ღონისძიების ყოველწლიურად ორგანიზების ტრადიციად ქცევისთვის და შემდგომი მდგრადობისთვის.



დამფინანსებლები:         

თანადამფინანსებლები:     

მხარდამჭერები:               



 

ვებ მისამართი: https://breadfestival.ge/