მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა ახალციხეში

2023 წლის 8 ნოემბერს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ახალციხის ოფისმა მონაწილეობა მიიღო სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, რომელიც ქალაქ ახალციხეში ჩატარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახურის და ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა მეწარმე და ფერმერული მეურნეობების მქონე ქალებმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მონაწილეებმა სოფლად მცხოვბრებ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და ხელშეწყობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, გაეცნენ წარმატებულ ფერმერ ქალთა ისტორიებს. აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები თავიანთი საქმიანობით განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების წარდგენისთვის განსაზღვრული სივრცის ფარგლებში, ასოციაცია „ელკანას“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელმა გააკეთა ორგანიზაციის შესახებ პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ასევე ინფორმაციას „ელკანას“ ახალციხის ოფისისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებშიც სოფლად მცხოვრებ ქალებს შეუძლიათ ჩაერთონ. „ელკანას“ წარმომადგენელმა ისაუბრა ბოლო ერთი წლის მანძილზე „ელკანას“ ახალციხის ოფისში განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და მათში ადგილობრივი ქალების ჩართულობაზე, აღნიშნა, რომ ასოციაცია „ელკანა“ ხელს უწყობს, ახალისებს და მიესალმება ორგანიზაციის საქმიანობებში სოფლად მცხოვრები ქალების მონაწილეობას.