ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ პროექტის - „თესლეულის ბიბლიოთეკები“, ფარგლებში ატარებს ტრენინგებს - „მცენარეული კულტურების კონდიციური თესლეულის მოპოვება, გამრავლება, პოპულარიზაცია და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება“. ტრენინგს გაუძღვება „ელკანას“ კონსულტანტი - ნუკრი მემარნიშვილი. ტრენინგი ჩატარდება:
21 ივნისს, 13:00-17:00, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში - „მარცვლეულის კიდობანი“. მისამართი: სოფელი წნისი, ახალციხის მუნიციპალიტეტი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/hJzwZ8fRwXTfPnt99
28 ივნისს, 12:00-16:00, „ელკანას“ კახეთის საკონსერვაციო მეურნეობაში. მისამართი: სოფელი ზემო ხოდაშენი, ახმეტის მუნიციპალიტეტი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/KJdndvXNXn9fQhx69
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: conference@elkana.org.ge
პროექტი „თესლეულის ბიბლიოთეკები“ ორგანიზაცია „სემიკოვნას“ (ჩეხეთი) ეგიდით ხორციელდება. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ჩეხეთის ოფისის მიერ ფინანსდება.
„თესლეულის ბიბლიოთეკების“ ისტორია 1999 წლიდან იწყება, დღემდე კი ეს ინიციატივა მრავალ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება. საქართველოში აღნიშნულ პროექტში ასოციაცია „ელკანა“ 2023 წლის ნოემბრიდან ჩაერთო.
„თესლეულის ბიბლიოთეკის“ პროექტის იდეა გულისხმობს ბიბლიოთეკებში, მათ შორის საჯარო და სკოლის ბიბლიოთეკებში, ასევე ინდივიდუალურ მეურნეებთან თუ ორგანიზაციებში (ასოციაციები, საბავშვო ბაღები, სკოლა და სხვ.) სპეციალური სივრცის მოწყობას, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისვლა და თესლეულის გაცვლა ან „სესხება“. „თესლეულის ბიბლიოთეკის“ მოწყობის იდეა მსგავსია კლასიკური ბიბლიოთეკის მოდელის, სადაც მკითხველი წიგნების ნაცვლად თესლს „სესხულობს“ სეზონის ბოლოს დაბრუნების ვალდებულებით.
„თესლეულის ბიბლიოთეკის“ პროექტის მისიაა საზოგადოებაში თესლეულის უსასყიდლოდ გავრცელება, ადამიანების მიერ მათი ადგილობრივ პირობებში გაზრდა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაზიარება. ასევე, ადგილზე მცირე ფერმერულ მეურნეობებში წარმოებული როგორც კულტურული, ასევე დეკორატიული თესლეულის გამრავლებისა და გავრცელების ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიბლიოთეკებით მეტი ადამიანის დაინტერესებაში, მოსახლეობაში ადგილობრივი კულტურებისა და თესლის წარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.