მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენინგი: „თესლეულის ბიბლიოთეკების მართვა - ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება“

                                                                  


ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებით, პროექტის - „თესლეულის ბიბლიოთეკები“ ფარგლებში, 4 ივლისს, სოფელ წნისში, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში „მარცვლეულის კიდობანი“ ჩატარდა ტრენინგი „თესლეულის ბიბლიოთეკების მართვა - ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება“. ტრენინგს წარუძღვა კლარა ჰრდა, ჩეხეთის თესლეულის ბიბლიოთეკების ქსელის - „სემინკოვნას“ წარმომადგენელი. ტრენინგს ესწრებოდნენ საჯარო სკოლების, პროფესიული კოლეჯის, ბიბლიოთეკების, ფერმერთა ასოციაციის, აგროტურისტული და საოჯახო მეურნეობების წარმომადგენლები, სულ 17 მონაწილე. კლარა ჰრდამ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო „სემინკოვნას“ საქმიანობა და მოუყვა თესლეულის ბიბლიოთეკების, მათი ფუნქციონირების, მნიშვნელობის, მისიის, ისტორიის შესახებ, ასევე ისაუბრა თუ როგორ არის შესაძლებელი თესლეულის ბიობლიოთეკის შექმნა და მისი მართვა, უპასუხა დაინტერესებულ მონაწილეთა შეკითხვებს.

პროექტი „თესლეულის ბიბლიოთეკები“ ორგანიზაცია „სემინკოვნას“ (ჩეხეთი) ეგიდით ხორციელდება. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ჩეხეთის ოფისის მიერ ფინანსდება.

„თესლეულის ბიბლიოთეკების“ ისტორია 1999 წლიდან იწყება, დღემდე კი ეს ინიციატივა მრავალ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება. საქართველოში აღნიშნულ პროექტში ასოციაცია „ელკანა“ 2023 წლის ნოემბრიდან ჩაერთო.

„თესლეულის ბიბლიოთეკის“ პროექტის იდეა გულისხმობს ბიბლიოთეკებში, მათ შორის საჯარო და სკოლის ბიბლიოთეკებში, ასევე ინდივიდუალურ მეურნეებთან თუ  ორგანიზაციებში (ასოციაციები, საბავშვო ბაღები, სკოლა და სხვ.) სპეციალური სივრცის მოწყობას, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისვლა და თესლეულის გაცვლა ან „სესხება“. „თესლეულის ბიბლიოთეკის“ მოწყობის იდეა მსგავსია კლასიკური ბიბლიოთეკის მოდელის, სადაც მკითხველი წიგნების ნაცვლად თესლს „სესხულობს“ სეზონის ბოლოს დაბრუნების ვალდებულებით.

„თესლეულის ბიბლიოთეკის“ პროექტის მისიაა საზოგადოებაში თესლეულის უსასყიდლოდ გავრცელება, ადამიანების მიერ მათი ადგილობრივ პირობებში გაზრდა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაზიარება. ასევე, ადგილზე მცირე ფერმერულ მეურნეობებში წარმოებული როგორც კულტურული, ასევე დეკორატიული თესლეულის გამრავლებისა და გავრცელების ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიბლიოთეკებით მეტი ადამიანის დაინტერესებაში, მოსახლეობაში ადგილობრივი კულტურებისა და თესლის წარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.