მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

„ელკანა“ – ბიოწარმოებისა და აგრარული ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერის 30 წელი

                     


2024 წლის 12 ოქტომბერს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“, ორგანიზაციის დაარსების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ჩაატარა ღონისძიება: „ელკანა“ - ბიოწარმოებისა და აგრარული ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერის 30 წელი“, რომელიც გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში მდებარე „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში - „მარცვლეულის კიდობანი“. ღონისძიების მიზანი იყო „ელკანას“ 30 წლიანი საქმიანობის შეჯამება და ადგილობრივი ფერმერების ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა bp საქართველოსა და გერმანული ორგანიზაციის Brot für die Welt-ის მიერ მხარდაჭერილი აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროექტების წარდგენა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის - „თესლეულის ბიბლიოთეკები“ - დახურვა, რომელიც განხორციელდა ჩეხურ ორგანიზაცია Seminkovna-სთან ერთად. ღონისძიებაზე, შედგა რვა ახალი თესლეულის ბიბლიოთეკის წარდგენა და დაჯილდოება - თესლეულის ბიბლიოთეკები გადაეცა ოთხ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ერთ საჯარო ბიბლიოთეკას და სამ საოჯახო მეურნეობას.

ღონისძიებაზე ცალკე სივრცე დაეთმო ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას. გაიმართა ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშებისგან პურის ცხობის, ტენილი ყველის დამზადების, მესხური ქადისა და აპოხტის ხინკლის მომზადების მასტერკლასები, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მასტერკლასებში და დაეგემოვნებინათ ტრადიციული ადგილობრივი კერძები.

ღონისძიებას სტუმრობდნენ „ელკანას“ წევრი ფერმერები, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო ინსტიტუტების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიის, HoReCa და კერძო სექტორების წარმომადგენლები როგორც სამცხე-ჯავახეთიდან, ასევე თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან.