მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

გასაცნობი ტური სამცხეში

2013 წლის 16-17 ნოემბერს ჩატარდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ სოფლის ტურიზმის ქსელის ორდღიანი გასაცნობი ტური სამცხეში პროექტის ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბენეფიციარებისათვის. ტურის მონაწილეები გაეცნენ ,,ელკანას“ სოფლის ტურიზმის ქსელს სამცხეში და შეხვედნენ ქსელის წევრებს, რომლებმაც მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება სოფლის ტურიზმის სფეროში. ტურის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოფლის ტურიზმისა და მისი მნიშვნელობის, მისი განვითარების ხელშემწყობი პირობებისა და განმსაზღვრელი ფაქტორების, ტრადიციული ფერმერული მეურნეობების მნიშვნელობის, ტურისტული პროდუქტისა და მისი შექმნის შესახებ,  გაეცნენ ადგილობრივ აგროტურისტულ ინფრასტრუქტურას და მომსახურებას, დაათვალიერეს ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო სახლები, ცხენების გაქირავების პუნქტი, ტრადიციული რეწვის ქალთა ცენტრები, შეხვდნენ ადგილობრივ გიდებს და  გაეცნენ მათ საქმიანობას, შეიძინეს ცოდნა სოფლად საინტერესო და მრავალფეროვანი ტურების დაგეგმვისა და ჩატარების შესახებ.

 

ტურის შედეგად პროექტის ბენეფიციარებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ სოფლის ტურიზმის, აგროტურისტული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, ასევე ადგილობრივი ტურისტული პროდუქტებისა და ტრადიციების საინტერესოდ წარმოჩენის მნიშვნელობის შესახებ სოფლის ტურიზმის განვითარებისათვის, გაიზარდა მათი მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, გაიზიარონ და გაითვალისწინონ სამცხეში ორგანიზებული ტურის შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ საქმიანობაში, ითანამშრომლონ ტურიზმის სფეროში ჩართულ პირებთან და მიიღონ საჭირო ცოდნა და გამოცდილება. 

 

პროექტს ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ 2013 წლის მაისიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახორციელებს. პროექტის მიზანია ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში - დამხმარე ზონაში (პატარა ხანჩალი, ეფრემოვკა, ჟდანოვი, სამება, დადეში, სულდა, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, ბოზალი, კარწახი) ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ეკოტურიზმის განვითარების პროექტი ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ნაწილია, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW მეშვეობით და ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF  თანამშრომლობით.