მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენინგი ,,დაცული ტერიტორიები და ეკოტურიზმი“

2013 წლის 21 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი დაცული ტერიტორიებისა და ეკოტურიზმის თემაზე პროექტის ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბენეფიციარებისათვის. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები - ლიკა კალმახელიძე და ხათუნა წიკლაური.

 

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების, მათი შექმნის მიზეზებისა და მიზნების, მათი კატეგორიებისა და მართვის, ადგილობრივი თემის როლის, დაცული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობის, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების მდგრადი გამოყენების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებს განემარტათ ეკოტურიზმის მნიშვნელობა, მათ მიიღეს ინფორმაცია ეკოტურიზმის სახეებისა და ეკონომიკური მნიშვნელობის, ტურისტთა ინტერესების, დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის, საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და მათი ტურისტული პროდუქტების შესახებ.

 

პროექტს ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ 2013 წლის მაისიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახორციელებს. პროექტის მიზანია ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში - დამხმარე ზონაში (პატარა ხანჩალი, ეფრემოვკა, ჟდანოვი, სამება, დადეში, სულდა, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, ბოზალი, კარწახი) ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ეკოტურიზმის განვითარების პროექტი ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ნაწილია, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW მეშვეობით და ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF  თანამშრომლობით.