სიახლეები
„ელკანამ“ ახალციხეში ჩაატარა ტრენინგები ბიომებოსტნეობისა და ბოსტნეული კულტურების თესლის წარმოების შესახებ

 

 

 

2025 წლის 26-28 მარტს და 10-11 აპრილს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ ქალაქ ახალციხეში ადგილობრივი ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის გამართა ტრენინგები თემაზე - „ბიომებოსტნეობა და  ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების თესლეულის წარმოება საოჯახო მეურნეობაში“.

ტრენინგები ჩატარდა bp Georgia-ს მიერ დაფინანსებული პროექტის - „აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ფერმაზე რეინტროდუქცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხ.:  https://elkana.org.ge/project/4.

ტრენინგებს უძღვებოდნენ „ელკანას“ მრჩევლები ნუკრი მემარნიშვილი და ლალი გოგინავა. ტრენინგებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით - ფერმერი ქალების მხრიდან. სწავლებას დაესწრო 97 ფერმერი, მათ შორის 51 ქალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 11 სოფლიდან (მუსხი, ურაველი, წნისი, ღრელი, მინაძე, ანდრიაწმინდა, ტოლოში, ზიკილია, აგარა, კლდე და უდე). ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საკუთარ მეურნეობაში გასამრავლებლად გადაეცათ „ელკანას“ მიერ პროექტის ფარგლებში გამრავლებული ბოსტნეული და პარკოსანი კულტურების თესლის მათივე შერჩეული 5-6 პაკეტი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ადგილობრივი კულტურების  აღდგენის გზით. ამისათვის პროექტის ფარგლებში „ელკანამ“ მთელ საქართველოში შეაგროვა და გასავრცელებლად გაამრავლა:

  • ხორბლის ენდემური სახეობები  - მახა, ჩელტა ზანდური, დიკა, კოლხური ასლი;
  • უძველესი პარკოსანი კულტურები - ძაძა, მუხუდო, ცერცვი, ოსპი, ცულისპირა;
  • მარცვლოვანი კულტურები - ფეტვი, ღომი, სელი;
  • ასევე 16 დასახელების ბოსტნეული კულტურის 26 ადგილობრივი ჯიში:  შუშა, მუხრანული და ფიჩხის კიტრი, ჭოპორტული პამიდორი, ჭარხალი, ისპანახი, სალათა, ბოლოკი, პრასი, წიწმატი (2 ჯიში), გოგრა (6 ჯიში), ნესვი, ქინძი (2 ჯიში), კამა, რეჰანი, შაშკვლავი, ოხრახუში, ნიახური და ქონდარი.

მომზადდა თითოეული ბოსტნეული კულტურის აღწერა და თესლის წარმოების ინსტრუქცია.

მომავალში „ელკანა“ კვლავ გააგრძელებს ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-გამრავლებას მათი საოჯახო მეურნეობებში გავრცელების მიზნით, ასევე გეგმავს დამატებით მოიძიოს და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს პროექტის ფარგლებში დაწყებული ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების აღდგენის ღონისძიებები. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო უნიკალური ქართული აგრარული ბიომრავალფეროვნების, ტრადიციული ცოდნისა და კულინარიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის, არამედ იმისათვის, რომ გაიზარდოს იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს და ესადაგება ადგილობრივი მოსახლეობის სასურსათო მოთხოვნილებას.