სიახლეები
ხორბლის ენდემური სახეობებისა და მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია

 

 

 

2025 წლის 5 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინ რივერსაიდ ვიუში“ საქართველოს ჰორეკას სექტორის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ხორბლის ენდემური სახეობებისა და მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია. ღონისძიების მიზანი იყო ჰორეკას სექტორის წარმომადგენლებისათვის გაეცნო ქართული ენდემური ხორბლის, ადგილობრივი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები, მათი გასტრონომიული პოტენციალი და, მწარმოებლებთან პირდაპირი კავშირის დამყარებით, ხელი შეეწყო ღირებულებათა მოკლე ჯაჭვების განვითარებისათვის.

ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და ენდემური სახეობებისაგან დამზადებული პური წარმოადგინეს „ელკანას“ წევრმა მცირე საცხობებმა - ნატახტრის დედათა მონასტრის საცხობი, „მამას პური“, “ნათელას პური“ და „ლაგაზი“.

ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს მიესალმნენ „ელკანას“ დირექტორი მარიამ ჯორჯაძე და ბახტიარ ასლანბაილი, ბიპის კასპიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. დეგუსტაციის პარალელურად, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ პრეზენტაციას პროგრამის შესახებ და ასევე დოკუმენტურ ფილმს - „ქართული ხორბლის ამბავი“.  ღონისძიებას, ბიპის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ დაინტერესებული რესტორატორები, ტურიზმის სექტორის, კულინარიული სკოლების წარმომადგენლები და ფუდ ბლოგერები.

დეგუსტაცია გაიმართა  პროგრამის - „აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და აღდგენა საქართველოს მეურნეობებში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბიპი საქართველოს მიერ. აღნიშნულ პროგრამას ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახორციელებს ახალციხეში, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში - „მარცვლეულის კიდობანი“.    პროგრამა 2024 წლის მარტიდან მიმდინარეობს და 2025 წლის ივნისში დასრულდება.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ადგილობრივი კულტურების (ხორბლის ენდემური სახეობებისა და  ბოსტნეულის ადგილობრივი ჯიშების) აღდგენის გზით. პროგრამა ასევე ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს აბორიგენული კულტურების შესახებ და, შესაბამისად, მათზე ბაზრის მოთხოვნის ზრდას.

პროგრამის ფარგლებში:

  • გასავრცელებლად გამრავლდა ხორბლის ენდემური სახეობები - მახა, ჩელტა ზანდური, დიკა, კოლხური ასლი;  ასევე უძველესი პარკოსანი კულტურები - ძაძა, მუხუდო, ცერცვი, ოსპი, ცულისპირა; მარცვლოვანი კულტურები - ფეტვი, ღომი, სელი.
  • მთელს საქართველოში შეგროვდა და გასავრცელებლად გამრავლდა 16 დასახელების ბოსტნეული კულტურის 26 ადგილობრივი ჯიში:  შუშა, მუხრანული და ფიჩხის კიტრი, ჭოპორტული პამიდორი, ჭარხალი, ისპანახი, სალათა, ბოლოკი, პრასი, წიწმატი (2 ჯიში), გოგრა (6 ჯიში), ნესვი, ქინძი (2 ჯიში), კამა, რეჰანი, შაშკვლავი, ოხრახუში, ნიახური და ქონდარი. მომზადდა თითოეული ბოსტნეული კულტურის აღწერა და თესლის წარმოების ინსტრუქცია.
  • სამცხე-ჯავახეთის ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ჩატარდა ტრენინგების სერია ბიომებოსტნეობისა და  ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების თესლეულის წარმოების შესახებ საოჯახო მეურნეობაში, რომელთა მონაწილეებსაც საკუთარ მეურნეობაში გასამრავლებლად გადაეცათ პროექტის ფარგლებში გამრავლებული კულტურების თესლი.

შედეგად, წელს ასზე მეტ მეურნეობაში დაითესა ან ახლა ითესება პროგრამის ფარგლებში გამრავლებული აბორიგენული კულტურები.

“ბიპი საქართველოს მხარდაჭერით, 2025 წელს კიდევ მრავალი მეურნე ჩაერთვება ადგილობრივი კულტურების აღდგენა-მოყვანის საქმეში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც უნიკალური ქართული აგრარული ბიომრავალფეროვნების, ტრადიციული ცოდნისა და კულინარიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადობისათვის კლიმატის ცვლილების კონტექსტში, რადგან აბორიგენული კულტურები სულ უფრო მზარდ ეკონომიკურ პოტენციალს ავლენენ ამ მიმართულებით, ასევე იმისათვის, რომ გაიზარდოს იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს და ესადაგება ადგილობრივი მოსახლეობის სასურსათო მოთხოვნილებას“ - ამბობს მარიამ ჯორჯაძე, „ელკანას“ დირექტორი.

          

          


„ელკანას“ შესახებ - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია / ფერმერთა, სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა და მათ მხარდამჭერთა გაერთიანებაა, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა. საფრთხის ქვეშ მყოფი აგრარული ბიომრავალფეროვნების (კულტურული მცენარეებისა და შინაურ ცხოველთა ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი/აბორიგენული ჯიშების) აღდგენის პროგრამაზე ასოციაცია „ელკანა“ 1996 წლიდან მუშაობს. ბიპი საქართველოსთან ასოციაცია „ელკანა“ 2002 წლიდან თანამშრომლობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის პროექტების განხორციელების მიმართულებით.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: +995 32 2 536489; ელ. ფოსტა: office@elkana.org.ge

თეონა ვარისმაშვილი, ადმინსტრაციის თანამშრომელი