სიახლეები
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აგროეკოლოგიის ქსელის, „ბილიმის“ წლიური ფორუმი

2025 წლის 21-24 მაისს მოლდოვის რესპუბლიკაში, ქალაქ კიშინიოვში გაიმართა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აგროეკოლოგიის ქსელის, „ბილიმის“ წლიური ფორუმი. ფორუმის მასპინძელი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია Grădina Moldovei. ფორუმს ესწრებოდა „ბილიმის“ წევრი 20 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია  15 ქვეყნიდან.

„ბილიმი“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აგროეკოლოგიური ორგანიზაციების ალიანსია. ის აერთიანებს რიგით ადამიანთა მოძრაობებს, ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, მათ შორის - გლეხებს და მცირე ფერმერებს, მკვიდრ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებას, ქალებს, ახალგაზრდებსა და ყველას, ვინც აქტიურად არის ჩართული აგროეკოლოგიურ საქმიანობაში. თემის წევრები პრაქტიკაში იყენებენ აგროეკოლოგიურ მეთოდებს ან ხელს უწყობენ აგროეკოლოგიის განვითარებას ადგილებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და სასურსათო სისტემების საფუძვლად მცირე ფერმერთა ცოდნას განიხილავენ.

ოთხი დღის განმავლობაში ფორუმი ხელს უწყობდა ადგილობრივი გამოცდილების გაცვლას კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის:

  • აგრარული  ბიომრავალფეროვნება;
  • ტერიტორიები;
  • ბაზრები.

ფორუმი გახსნა სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის (FAO) მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანმა  ვასილ სარბანმა. ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ ტუდორ რობუ - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოლდოვას რესპუბლიკის წარმომადგენელი, ანა კანშიევა - ბიომრავალფეროვნების ექსპერტი, FAO-ს რეგიონული წარმომადგენელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ბუდაპეშტში და ფორუმის მასპინძელი ორგანიზაცია „გრადინა მოლდოვის“ წამყვანი კოორდინატორი  ანა კოუტინიო. ფორუმის პირველ სესიაზე მოხსენება წარადგინა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ თემაზე - „ბიომრავალფეროვნება სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობაში“. მეორე სესიის ფარგლებში ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს „ბილიმის“ ალიანსსა და ტერიტორიულ მიდგომებზე სოფლის მეურნეობის მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ბიომრავალფეროვნებას. დღის დასკვნით ნაწილში კი „ბილიმის“ წევრ ორგანიზაციებს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში მოეწყო დისკუსია „ბილიმის“ განვითარებისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა - თესლეული ფერმერული და საოჯახო მეურნეობებიდან აგროეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნებისთვის, სოფლის ტერიტორიების გაძლიერება და აგრომეურნეობებში ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა და სხვ. ფორუმის განმავლობაში ჩატარდა კულტურათაშორისი გაცვლის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც დელეგაციების წარმომადგენლებმა დააგემოვნეს მონაწილე ქვეყნების  ტრადიციული კერძები, ტკბილეული და გაცვალეს თესლეული. ფორუმის მონაწილეებმა მოინახულეს აგროტურისტული და პერმაკულტურის პრინციპებზე დაფუძნებული მეურნეობები, რომლებსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მართავენ, ასევე ესტუმრნენ ფერმერების ეკობაზარს, სადაც წარმოდგენილი იყო  ადგილობრივი აგროეკოლოგიური  პროდუქტები.

ფორუმის დასკვნით დღეს, შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს  „ბილიმის“  ხელმძღვანელობის საკითხებზე, სამდივნოს ახალ როლსა და მოვალეობებზე. ალიანსის წევრების საერთო გადაწყვეტილებით, „ბილიმის“ თანათავმჯდომარეებად აირჩიეს პროფესორი, დოქტორი გორდანა დურიჩი (ფონდი „ალისა“), ბანია ლუკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი მარიამ ჯორჯაძე (საქართველო).