სიახლეები
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მოსწავლეთა 10-დღიანი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში „მარცვლეულის კიდობანი“

2025 წლის 15-24 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანში“ 10-დღიანი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა გაიარა თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის IX კლასის ოცდაექვსმა მოსწავლემ, კლასის ხელმძღვანელთან ერთად. პრაქტიკის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ასოციაცია „ელკანას“ ძირითად საქმიანობებს და „მარცვლეულის კიდობნის“ მეურნეობას, სადაც საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით ითესება და მრავლდება გადაშენების პირას მყოფი ხორბლის  ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მარცვლოვანი და სამარცვლე პარკოსანი კულტურებისა და ბოსტნეულის ადგილობრივი ჯიშები, გაშენებულია ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე. მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარი აგრარული ბიომრავალფეროვნებისა და ორგანული სოფლის მეურნეობის საკითხებზე. პრაქტიკის ფარგლებში მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ „მარცვლეულის კიდობანში“ მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში.