სიახლეები
აგრო გასტრო ინფო-ტური „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობაში

2025 წლის 14 მაისს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაელკანასორგანიზებით ტუროპერატორებისა და გიდებისთვის ჩატარდა აგრო გასტრო ინფო-ტურიელკანასშინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობაში.

ელკანას შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა 2011 წლიდან ფუნქციონირებს სოფელ ზემო ხოდაშენში, მეურნეობის მიზანია ადგილობრივი ჯიშების კონსერვაცია, პოპულარიზაცია და დაინტერესებულ ფერმერთა შორის გავრცელება. ამჟამად მეურნეობა მუშაობს თუშური ცხენის, პირუტყვის ადგილობრივი ჯიშების (ქართული მთის ძროხა - ჯილაგი, ფშავ-ხევსურული, და კახური ღორი), ქათმის ადგილობრივი პოპულაციების (მეგრულა, ნაცარა) და ჯავახური ბატის კონსერვაციაზე.

ელკანას აგრო გასტრო ინფო-ტურის ფარგლებში, 15 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ტუროპერატორი და გიდი ესტუმრა ელკანას შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობას. ელკანას პროგრამის მენეჯერმა - თამაზ დუნდუამ, ინფო-ტურის მონაწილეებს დაათვალიერებინა მეურნეობა, გააცნო ელკანას საკონსერვაციო საქმიანობა და უპასუხა მათ კითხვებს. ელკანას სოფლის ტურიზმის კონსულტანტმა - მარიამ დევნოსაძემ ინფორმაცია მიაწოდა ელკანას ტურისტული შეთავაზებების შესახებ. ვიზიტის ბოლოს კი ინფო-ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ადგილობრივი პროდუქტები და ელკანას წევრი - ლევანის მარანის ბიო ღვინო. ლევანის მარანის დამფუძნებელმა - ლევან გოგოლაძემ ინფო-ტურის მონაწილეებს უამბო მარნის საქმიანობის შესახებ და უპასუხა მათ კითხვებს.

ელკანას შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობის შემდეგ ინფო-ტურის მონაწილეები ეწვივნენ მეღვინეობა რტონს, სოფელ რუისპირში. მეღვინეობა რტონის წარმომადგენელმა და გასტრონომიის კონსულტანტმა - ქეთი ქვიჭიძემ ინფო-ტურის მონაწილეებს დაათვალიერებინა მეღვინეობა და მიაწოდა ინფორმაცია ტურისტული შეთავაზებების შესახებ, ტუროპერატორებმა და გიდებმა დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები და მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელის ამოვლებისა და ხინკლის მოხვევის მასტერკლასში.

ინფო-ტურის მონაწილეებმა გზად კვეტერას ციხე-ქალაქი მოინახულეს.