სიახლეები
გაიმართა ბიპი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის -„ აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და აღდგენა საქართველოს მეურნეობებში“ დახურვის ღონისძიება


2025 წლის 26 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში - „მარცვლეულის კიდობანი“ გაიმართა ბიპი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და აღდგენა საქართველოს მეურნეობებში“ დახურვის ღონისძიება.

ღონისძიება მიზნად ისახავდა პროექტის შედეგების შეჯამებას და დაინტერესებული მხარეებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას მიღწეული შედეგებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული და „ელკანას“ წევრი ფერმერები, ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი სამსახურებისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბიპი საქართველოს, ასოციაცია „ელკანასა“და სსიპ სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის შედეგებზე და აგრარული ბიომრავალფეროვნების, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. პროექტში ჩართულმა ფერმერებმა დამსწრეებს გაუზიარეს მათი გამოცდილება ადგილობრივი კულტურების აღდგენა-მოყვანის მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თესლეულისა და პუბლიკაციების გამოფენა და გასცნობოდნენ საკონსერვაციო მეურნეობის მუშაობას.

„ბიპი, თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოწოდებულია მხარი დაუჭიროს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, რადგან სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ჩვენი სამყაროს მდგრადობასა და მშვენიერებას და მისი შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის ყოველი ჩვენგანის წარუვალი ღირებულებაა“ - აღნიშნა ბიპი საქართველოს წარმომადგენელმა, ეთერ კვირკაშვილმა. 

„ფასდაუდებელია „ელკანას“ საქმიანობა ქართული აბორიგენული კულტურების შენარჩუნების მიმართულებით, იმედი გვაქვს რომ ეს საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება და გაფართოვდება“ - აღნიშნა სსიპ სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ჯინჯიხაძემ.

„მიუხედავად იმისა, რომ სოფელში გავიზარდე, ადგილობრივი ხორბლისა და ბოსტნეულის ჯიშების შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი. „ელკანასთან“ თანამშრომლობამ და პროექტმა საშუალება მომცეს რეალურად გამეცნო ეს კულტურები, დამეწყო წითელი დოლით და შემდეგ გამეფართოებინა ჩემი ასორტიმენტი. ახლა შემიძლია ჩემს აგროტურისტულ მეურნეობაში მოსულ სტუმრებს ჩემივე წარმოებული ადგილობრივი ხორბლისა და სხვა პროდუქტებით გავუმასპინძლდე და ეს დიდი სტიმულია ჩემთვის..“ - აღნიშნა ფერმერმა ზაზა ივანიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ღრელიდან.


***

პროექტი „აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და აღდგენა საქართველოს მეურნეობებში“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში - „მარცვლეულის კიდობანი“ 2024 წლის მარტიდან მიმდინარეობდა და 2025 წლის ივნისში დასრულდა. იგი მიზნად ისახავდა საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ადგილობრივი კულტურების აღდგენისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. პროექტის ფარგლებში:

  • გასავრცელებლად გამრავლდა ხორბლის ენდემური სახეობები - მახა, ჩელტა ზანდური, დიკა, კოლხური ასლი;  უძველესი პარკოსანი კულტურები - ძაძა, მუხუდო, ცერცვი, ოსპი, ცულისპირა; მარცვლოვანი კულტურები - ფეტვი, ღომი, სელი.
  • მთელს საქართველოში შეგროვდა და გასავრცელებლად გამრავლდა 16 დასახელების ბოსტნეული კულტურის 26 ადგილობრივი ჯიში:  შუშა, მუხრანული და ფიჩხის კიტრი, ჭოპორტული პამიდორი, ჭარხალი, ისპანახი, სალათა, ბოლოკი, პრასი, წიწმატი (2 ჯიში), გოგრა (6 ჯიში), ნესვი, ქინძი (2 ჯიში), კამა, რეჰანი, შაშკვლავი, ოხრახუში, ნიახური და ქონდარი. მომზადდა თითოეული ბოსტნეული კულტურის აღწერა და თესლის წარმოების ინსტრუქცია.
  • სამცხე-ჯავახეთის ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ჩატარდა ტრენინგების სერია და ორი ფერმერთა გაცვლითი ღონისძიება ბიომებოსტნეობისა და  ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების თესლეულის წარმოების შესახებ საოჯახო მეურნეობაში, რომელთა მონაწილეებსაც საკუთარ მეურნეობაში გასამრავლებლად გადაეცათ პროექტის ფარგლებში გამრავლებული კულტურების თესლი (ასამდე ფერმერი).
  • გაიმართა დეგუსტაცია ჰორეკას სექტორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენდემური ხორბლის, ადგილობრივი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების გასტრონომიული პოტენციალის გაცნობის, მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებისა და ღირებულებათა მოკლე ჯაჭვების განვითარების მიზნით.
  • შედეგად, ბიპი საქართველოს მხარდაჭერით, 2025 წელს ასზე მეტ მეურნეობაში დაითესა პროგრამის ფარგლებში გამრავლებული აბორიგენული კულტურები, რომლებიც მნიშვნელოვანია უნიკალური ქართული აგრარული ბიომრავალფეროვნების, ტრადიციული ცოდნისა და კულინარიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.