მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენინგი ,,სოფლის ტურიზმი“


2013 წლის ნოემბრის ბოლოს, ქ. ახალქალაქში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF ოფისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ,,სოფლის ტურიზმი“ პროექტის ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბენეფიციარებისათვის. ტრენინგს უძღვებოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ ექსპერტი ტურიზმის საკითხებში.

 

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოფლის ტურიზმის, მისი განვითარების პირობების, ძირითადი ტურისტული შეთავაზებების, სოფლის ტურიზმის სავარაუდო მომხმარებლების, ტურისტული პაკეტის და მისი შემადგენელი კომპონენტების შესახებ. მონაწილეებს დაწვრილებით განემარტათ სასტუმრო სახლის მომსახურების სტანდარტის მნიშვნელობა, შინაარსი და ის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები, რაც საჭიროა ხარისხიანი ტურისტული მომსახურების უზრუნველსაყოფად. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელთა შედეგადაც მონაწილეებმა ისწავლეს ტურისტული მომსახურების ფასის გამოთვლა, მომსახურების ხარისხის შეფასება და კვების მენიუს შედგენა.

 

პროექტს ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახორციელებს. პროექტის მიზანია ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში - დამხმარე ზონაში (პატარა ხანჩალი, ეფრემოვკა, ჟდანოვი, სამება, დადეში, სულდა, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, ბოზალი, კარწახი) ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ეკოტურიზმის განვითარების პროექტი ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ნაწილია, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW მეშვეობით და ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF  თანამშრომლობით.