
2025 წლის 17 ივლისს, SBDP4 პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ცხრა მეღვინე სასწავლო ვიზიტით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში არსებულ ასოციაცია „ელკანას“ წევრ ღვინის მარან "იორას" ეწვია. საწარმოს ისტორია 2014 წელს დაიწყო, როდესაც მარნის მეპატრონე კონსტანტინე (კოტე) თოფურიამ 2000 ძირი ვაზი გააშენა. 2019 წელს მარანმა პირველი ბიოსერტიფიკატი მიიღო როგორც პირველად პროდუქტზე (ყურძენი), ისე ყურძნის გადამუშავებაზე, მათ შორის - ღვინოზე. ამის შემდეგ, მიუხედავად სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯებისა, ბატონი კოტე ყოველწლიურად იღებს ბიოსერტიფიკატს ბიომევენახეობისა და ბიომეღვინეობის მიმართულებით, რადგან დარწმუნებულია, რომ მომავალი ბიოწარმოებას ეკუთვნის.
მარანი „იორა“ ღვინოებს ხუთი ჯიშის ყურძნისგან აწარმოებს და, მათ შორის, აკეთებს კუპაჟსაც. ეს ჯიშებია: საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი და ბუერა.
2025 წელს ვენახთან ახლოს ბატონმა კოტემ პატარა, ლამაზი სასტუმრო ააშენა, სადაც ვიზიტორებს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. მომსახურება მოიცავს არა მარტო სასტუმროში მოსვენებას, არამედ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას, ღვინის ტურებსა და ბიოღვინოების დეგუსტაციას, ღია აუზს, თევზაობას იქვე მდებარე ტბაზე და სხვ.
ასოციაცია „ელკანას“ კონსულტანტის, ცნობილი ქართველი მეღვინის, გიორგი ბარისაშვილის ხელმძღვანელობით ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს ვენახი, ენოთეკა და მარანი. სტუმრებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ორგანული სერტიფიცირების პროცესზე, მარნისა და ვენახის მართვის მდგრად მეთოდებზე და აგროტურიზმის განვითარების ინოვაციურ სტრატეგიებზე. აღინიშნა, რომ ბიოწარმოება გულისხმობს არა მიღებული ღვინის რაოდენობაზე, არამედ მის ხარისხზე აქცენტის გაკეთებას.
ვიზიტის დროს მონაწილეებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა ანალოგიური პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით თავიანთ ბიზნესში. საუბარი შეეხო როგორც პერსპექტივას, ასევე შესაძლო გამოწვევებსაც. სასწავლო ტურის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა ვარდოსანიძემ (როდინაული, ზესტაფონი), რომელსაც სურს ოცხანური საფერეს ჯიშისგან ბიოღვინის წარმოება, აღნიშნა: „ვიზიტმა „იორას“ მეღვინეობაში დამარწმუნა, რომ ბიოღვინის წარმოება არის სამომავლო წარმატების გზა. ვფიქრობ, ეს გზა სულ უფრო პოპულარული გახდება“.
მეორე მონაწილემ ბაჩუკი მსხილაძემ (შუამთა, ვანი), რომელიც ღვინოს ოთხი ჯიშის ყურძნისგან, მათ შორის ვანის ჩხავერისგან აყენებს, აღნიშნა: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „იორას“ მარანმა, განსაკუთრებით - ენოთეკამ და კომპლექსურმა მიდგომამ საწარმოს განვითარებისადმი. ნამდვილად სამაგალითო მეღვინეობაა. ვიზიტის შედეგად შემექმნა წარმოდგენა ახალ შესაძლებლობებზე, მაგალითად, ღვინის კუპაჟირებაზე, ასევე პარაპლანისტების კლუბებთან თანამშრომლობასა და ბევრ სხვა მიმართულებაზე“.
ასოციაცია „ელკანას“ მიერ ორგანიზებული სასწავლო ტური ახალი იდეების კატალიზატორი აღმოჩნდა მასში მონაწილე მეღვინეთათვის - მასპინძელმა და მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება, რამაც შესაძლოა ბიძგი მისცეს მათ თანამშრომლობას მომავალში. მონაწილეებმა მადლიერებით აღნიშნეს, რომ ვიზიტი, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებითა და bp საქართველოს დაფინანსებით ჩატარდა, არსებითად ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის მდგრად, წარმატებულ საწამოებად ჩამოყალიბებას.
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4 (SBDP4) ინიციირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

