სიახლეები
„ელკანას“ვიზიტი მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის IV ფაზის (SBDP4) ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეებთან დასავლეთ საქართველოში

29-30 სექტემბერს „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, პროგრამის  მენეჯერმა თამაზ დუნდუამ და ბიოაგროწარმოებისა და მემცენარეობის მრჩეველმა ნუკრი მემარნიშვილმა მოინახულეს 2022-2025 წლებში დაფინანსებული თერთმეტი მცირე მეწარმე სამტრედიის, ლანჩხუთის, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში.

ამ ვიზიტების მიზანი იყო დაფინანსებულ საწარმოებისა და პროექტის ფარგლებში შეძენილი კაპიტალური აქტივების დათვალიერება, კონსულტაციის გაწევა / დამატებითი ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების განსაზღვრა  და პროექტის გავლენის ზოგადი შეფასება მცირე ბიზნესის განვითარებაზე.

„ელკანას“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს  საწარმოები, მათ შორის - საცხობები, სანერგე მეურნეობა, სუვენირების საამქროები, საკონდიტრო საწარმო და საფუტკრე მეურნეობა და სიღრმისეულად გაეცნენ  თითოეული მეწარმის საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმოების ტექნოლოგიებს, ნედლეულის წყაროებსა და გასაღების ბაზრებს, ორგანული წარმოების დანერგვის პოტენციალს, ფინანსურ შედეგებს და სხვ.

მეწარმეებმა ბევრი სასარგებლო რჩევა მიიღეს თავიანთი ბიზნესების განვითარებისათბის საინტერესო საკითხებზე. მაგალითად, საცხობების მფლობელები დიდი ინტერესით შეხვდნენ ხორბლის ქართული ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების  ფქვილის გამოყენების შესაძლებლობას. სათბურის მფლობელმა  კი მიიღო პასუხი მისთვის აქტუალურ კითხვაზე, თუ როგორ ებრძოლოს ნიადაგში პარაზიტ მრგვალ ჭიებს - ნემატოდებს.

განსაკუთრებით საინტერესო საუბარი გაიმართა სოფელ  ღვანკითში, ჟოლოს ღვინის მწარმოებელთან, იოსებ გამეზარდაშვილთან. სტუმრებმა და მასპინძელმა ისაუბრეს ჟოლოს ღვინის წარმოების ტექნოლოგიისა და მარკეტინგის ძირეულ ასპექტებზე, ასევე ორგანული ჟოლოს მოყვანისა და გასაღების პერსპექტივაზე.

მეწარმეებმა მადლიერება გამოხატეს bp-ისა და „ელკანას“ მიმართ მათი ბიზნესის მხარდაჭერისათვის.


     

რევაზი ზენაიშვილი - სანერგე მეურნეობა, ლესა, ლანჩხუთი          მამუკა იმნაძე - საფუტკრე მეურნეობა, გვიმბალაური, ლანჩხუთი 

     

შორენა ახალაძე - სწრაფი კვება, საჯავახო, სამტრედია                    ციალა შენგელია - კამეჩის მაწვნის წარმოება, ხიდმაღალა, ლანჩხუთი 


მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის IV ფაზა (SBDP4) წარმოადგენს bp-ს მიერ 2015 წლიდან ფაზებად განხორციელებული სათემო განვითარების პროგრამის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსება მოიპოვა და სწავლება გაიარა  ათასამდე დამწყებმა და მოქმედმა მეწარმემ. პროექტი მოიცავს 117 სამიზნე სოფელს და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოთხ დასახლებას ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს თხუთმეტ მუნიციპალიტეტში, რომლებიც ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარეობს.