13 ოქტომბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, რესტორან „ბანჰოფში“, NATURLAND KVP პროექტის „ეკოლოგიური საქართველო — მომავლის მეურნეობა“ ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება „Go Organic Day 2025 — სერტიფიცირებული ფერმიდან სუფრამდე“. ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.
ღონისძიების მიზანი იყო პროექტის შედეგების შეჯამება, სერტიფიცირებული ორგანული და მდგრადი პროდუქტების პოპულარიზაცია, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ხელშეწყობა ფერმერებს, ასოციაციებსა და HoReCa სექტორს შორის. პროგრამა მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, პარტნიორების გამოსვლებს, მასტერკლასებს, ფერმერულ ბაზრობასა და დეგუსტაციას.
დისკუსია შეეხო საქართველოში ბიო და აგროეკოლოგიური წარმოების განვითარების საკითხებს. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ დამსწრეებს გააცნო ორგანიზაციის ხარისხის კერძო ნიშანი — „ელკანას“ აგროეკოლოგიური ნიშანი და ამ ნიშნით წარმოებული წევრი ფერმერების პროდუქცია.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბიოსერტიფიცირებული, „ელკანას“ აგროეკოლოგიური ნიშნის მქონე და GeoGAP სტანდარტით სერტიფიცირებული ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას ესწრებოდა დაახლოებით 90 მონაწილე — ფერმერები, მწარმოებლები, ექსპერტები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი ასოციაციები და საერთაშორისო სტუმრები.
