

ასოციაცია „ელკანამ“ პროექტის - „ორგანული სოფლის მეურნეობის სოფლის განვითარების და აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, 17-21 ნოემბერს, კახეთში, ზემო ხოდაშენის შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობაში, კლიმატისა და კატასტროფის რისკების მონაწილეობითი შეფასების თემაზე 5-დღიანი ტრენინგი ჩაატარა, საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ BfdW თანამშრომლობით. ტრენინგს უძღვებოდნენ „ელკანას“ თანამშრომლები. მონაწილეობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ხოდაშენისა და აწყურის თემიდან ცხრამეტი ადგილობრივი წარმომადგენელი.
ტრენინგი დაფუძნებული იყო PACDR-ის (კლიმატის და კატასტროფების რისკების მონაწილეობითი შეფასება) საერთაშორისო მოდულებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა გაეაზრებინათ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები ადგილობრივ დონეზე.
მონაწილეებმა - ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან კლიმატის ცვლილების გავლენებს - გახშირებულ გვალვებს, სეტყვას, გაზაფხულის წაყინვებს, წყალმომარაგების უკმარისობას, ნიადაგის დეგრადაციასა და ეკოსისტემების ცვლილებას, ტრენინგის ფარგლებში გაიღრმავეს ცოდნა კლიმატის ცვლილების გამოწვევების შესახებ და უკეთ გაიაზრეს, თუ როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა მათ სოფლებზე, რომელი სექტორებია ყველაზე დაუცველი და რა რესურსები აქვთ ადაპტაციისთვის.
დისკუსიებისა და ჯგუფური სამუშაოების შედეგად თემის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მათი სოფლებისთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სტრატეგიები, განსაზღვრეს პრიორიტეტული პრობლემები და შეიმუშავეს რეალისტური სამოქმედო გეგმა.
ტრენინგის ბოლო დღეს, ჩატარდა თემის შეხვედრა, რომელსაც დაესწრო ტრენინგის მონაწილეები, ადგილობრივი თემის სხვა წარმომადგენლები, ასევე ზემო ხოდაშენის ადმინისტრაციული ერთეულის და ახმეტის მერის წარმომადგენლები. დასკვნით შეხვედრაზე, ტრენინგის მონაწილე ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციები გააკეთეს და თემის სხვა წარმომადგენლებს და ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მდგრადობის გაძლიერებას, რესურსების ეფექტიან მართვას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირებას მომავალში.


