სიახლეები
"ქართული ხორბლისა და პურის კულტურა - ტრადიციები და რიტუალები" იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ოფიციალურად შევიდა!

🇬🇪 🌾  2025 წლის 10 დეკემბერს მთელი ქვეყანა გაახარა ახალმა ამბავმა - "ქართული ხორბლისა და პურის კულტურა - ტრადიციები და რიტუალები" იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ოფიციალურად შევიდა!


ეს აღიარება მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ ნიშნავს ქართული ხორბლის კულტურისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების საერთაშორისო აღიარებას - მეტ კომერციულ და მეცნიერულ ინტერესს ქართული ხორბლის, ქართული კულტურისა და, ზოგადად, საქართველოს მიმართ და, მეორეს მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს ამ უნიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე.

ამ ღირსშესანიშნავ ამბავთან დაკავშირებით, ბევრი სამადლობელი წერილი დაიწერა იმ ენთუზიასტი და თავდადებული მწარმოებლების, მეცნიერების, ფერმერთა ასოციაციების, საცხობების და მოხელეების მიმართ, ვინც ზრუნავს ქართული ხორბლის შენარჩუნებაზე და, მათ შორის, ჩართული იყო იუნესკოში მიმდინარე განაცხადის მომზადება-წარდგენაში. ჩვენც ვუერთდებით ამ მადლობებსა და მილოცვებს!

თუმცა, ამ პოსტით გვინდა შევეხოთ იმ მხარდაჭერასა და ღვაწლს, რაც ქართული ხორბლის აღორძინების საქმეში ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა - საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უცხოურმა სამეცნიერო ინსტიტუტებმა და ენთუზიასტმა მეცნიერებმა გაიღეს.

ბევრმა არ იცის, რომ საბჭოთა პერიოდში ადგილობრივი ხორბლის თესვა მიწის გაცდენად ითვლებოდა და მეურნეებს, რომლებიც მაინც თესავდნენ წინაპრების დატოვებულ ხორბალს, ჯარიმა ეკისრებოდათ. სწორედ ამან გააქრო ენდემური ქართული ხორბლის სახეობები და ადგილობრივი ჯიშები საქართველოს ყანებიდან და მათი ნიმუშები, ზოგიერთი გამონაკლისების გარდა, დიდწილად მხოლოდ სამეცნიერო კოლექციებში, მათ შორის დასავლურ გენბანკებში, შემორჩა მცირე რაოდენობით.

90-იან წლებში, როდესაც სამეცნიერო ინსტიტუტების დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად, ადგილობრივი კულტურული ფლორის არსებულ კოლექციებს საფრთხე შეექმნა, სწორედ საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი კოლექციების შენარჩუნების, საველე ექსპედიციების განხორციელების, გაფართოების, საქართველოში თესლის პირველი გენბანკის შექმნისა და ხორბლის მეურნეობებში დაბრუნების პირველი პროექტების განხორციელება.

რა თქმა უნდა, აქ ყველას ვერ შევეხებით და მხოლოდ მათ აღვნიშნავთ, ვინც ასოციაცია „ელკანას“ კონსერვაციულ საქმიანობას უჭერდა მხარს.

ასოციაცია „ელკანა“ აგრარული ბიომრავალფეროვნების, მათ შორის ქართული ხორბლის კონსერვაციაზე 1996 წლიდან მუშაობს, როდესაც საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტის კულტურული ფლორის კოლექციის გადასარჩენად მოგვმართა ამ კოლექციის კურატორმა აწ გარდაცვლილმა ტაიულ ბერიშვილმა, რომელიც 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა „ელკანას“ აგრარული ბიომრავალფეროვნების საკონსერვაციო პროგრამას.

სწორედ ამ დროიდან უჭერს მხარს  ქართული ხორბლის აღდგენას გერმანული ორგანიზაცია Brot für die Welt (პური მსოფლიოს) „ელკანას“ პროგრამის ფარგლებში. რამოდენიმე წლის განმავლობაში ამავე პროგრამას აფინანსებდა კიდევ ორი გერმანული ორგანიზაცია Misereor და Renovabis, ასევე bp-საქართველო და ევროპის ფონდი.

2001 წლიდან GEF/UNDP-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა აგრარული ბიომრავალფეროვნების კვლევა და შემდგომ, 2004-2009 წლებში, სოფელ წნისში (სამცხე-ჯავახეთი) ჩამოყალიბდა „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანი“. ამ მეურნეობაში გამრავლებული თესლეული ასობით მეურნეს გადაეცა, რამაც საქართველოში მივიწყებული ქართული ხორბალის დაბრუნებას შეუწყო ხელი - იხ. სტატია საერთაშორისო გამოცემაში, გვ. 244-250.

აგრარული ბიომრავალფეროვნების ელექტრონული და ნაბეჭდი კატალოგების შექმნა-გამოცემა და ქართული ხორბლის კულტურის შესახებ ფილმ - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო GIZ-მა დააფინანსა. თესლის ბიბლიოთეკების შექმნის გამოცდილება გაგვიზიარა და ასეთი ბიბლიოთეკების შექმნაში დაგვეხმარა ჩეხეთის განვითარების სააგენტო CZECH AID.

ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობით ასოციაცია „ელკანა“ იძენდა და საქართველოში შემოჰქონდა ცოდნა და ინფორმაცია ადგილობრივი ჯიშების / ლენდრასების ფერმაზე კონსერვაციასთან, ფერმერული თესლის წარმოებასთან, გამრავლებასთან და გავრცელებასთან დაკავშირებული ტექნიკური ცოდნისა და საერთაშორისო რეგულაციების შესახებ.

ამ მხრივ აღსანიშნავია ადგილობრივი ლენდრასების კონსერვაციაში ჩართული ორგანიზციებისა და პირების ევროპული ქსელი  European Coordination Let’s Liberate Diversity! (ECLLD), ასევე ისეთი ენთუზიასტი ხორბლისა და მარცვლოვანი კულტურების პრაქტიკოსი კონსერვაციონისტები, როგორებიც არიან ელი როგოზა (Eli Rogosa) და მისი ორგანიზაცია Heritage Grain Conservancy, ასევე ხორბლის სელექციონერი ანდრეს ბორგენი (Anders Borgen) და მისი ორგანიზცია Agrologica (ეს უკანასკნელი დანიაში ამრავლებს ქართული ხორბლის ენდემურ სახეობებსა და ადგილობრივ ჯიშებს).


ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი კოლეგების გარეშე ადგილობრივი ფერმერების მიერ ქართული ხორბლის მოყვანის საქმე ბევრად უკან იქნებოდა.

„ელკანაში“ გვჯერა, ცოდნის გაზიარებისა და სოლიდარობის და იმის, რომ გახსნილობით და საერთაშორისო თანამშრომლობით მეტ სიკეთეს მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას და უკეთ შევინარჩუნებთ ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებულ საგანძურს!