სიახლეები
IV რესპუბლიკური კონფერენცია — „საქართველოს ენდემური ხორბლები და ქართული დიარი“

2026 წლის 28 მარტს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა IV რესპუბლიკური კონფერენცია - „საქართველოს ენდემური ხორბლები და ქართული დიარი“, რომელიც  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმთან და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით მოაწყო.

კონფერენცია გახსნა სასახლის დირექტორმა მარინე მარჯანიშვილმა. პროექტში მონაწილეობდნენ  დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და ქუთაისის სკოლების მოსწავლეები. წარმოდგენილი 70-მდე თემიდან შერჩეულ იქნა 14 საუკეთესო ნაშრომი. გამორჩეული თემები მოიცავდა ქართული ხორბლის მოყვანისა და პურის ცხობის ტრადიციებს — ზანდურის მოყვანას, პურის ცხობის თავისებურებებს, წისქვილების მრავალფეროვნებას, „კაკალა პურის“ აღდგენას და ღომის კულტურის გამოყენებას.

კონფერენციას საერთაშორისო ჩართულობაც ჰქონდა - იტალიიდან მადლენა კვირიკაშვილმა წარმოადგინა შედარება იტალიურ და ქართულ სარიტუალო პურებს შორის, ხოლო ნიუ-იორკიდან მამუკა ბერიკაშვილმა ისაუბრა ქართული პურის წარმოებაზე საზღვარგარეთ.

კონფერენციაზე სტუმრად იმყოფებოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ წარმომადგენელი  მარიანა ლოთიაშვილი,  რომელმაც გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს გადასცა საქართველოს ენდემური ხორბლის მარცვლები და ,,ელკანას“ მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა, და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები მომავალში კიდევ უფრო დაინტერესდებიან ამ უნიკალური კულტურებით.

კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სამახსოვრო წიგნებით.