ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ონლაინ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სათემო თესლის ბანკების თემას მიეძღვნა. შეხვედრა 2026 წლის 11 მარტს ჩატარდა „სემინკოვნას“ ინიციატივის (ჩეხეთი) ორგანიზებით, Seeds of Growth ონლაინ ტრენინგების სერიის ფარგლებში. შეხვედრას უძღვებოდა კლარა ჰრდა, „სემინკოვნას“ ინიციატივის წარმომადგენელი. ღონისძიებას დაესწრო დაახლოებით 60 მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, ასევე ხედვები თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადახხვა კულტურათა ადგილობრივი ჯიშების, მათი სათესლე მასალისა და მათთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცოდნის შენარჩუნება.
სამუშაო შეხვედრაზე „ელკანამ“ მონაწილეებს გაუზიარა სათემო თესლის ბანკის ინიციატივის საკუთარი გამოცდილება, რომელსაც ორგანიზაცია უკვე 20 წელზე მეტია ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ წნისში არსებულ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანში“. „მარცვლეულის კიდობანში“ გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი კულტურების კონსერვაცია თესლის ბანკისა და ცოცხალი ნათესების საშუალებით ხდება. თესლის ბანკში არსებული სათესლე მასალა ყოველწლიურად ახლდება, ითესება „მარცვლეულის კიდობნის“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე და მრავლდება, ხდება ამ კულტურათა შესახებ ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების დოკუმენტირება. ეს ინფორმაცია, ისევე როგორც სათემო თესლის ბანკში არსებული სათესლე მასალა, ხელმისაწვდომია ფერმერთა და დაინტერესებულ პირთათვის.
„ელკანამ“ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ასევე თესლის ბიბლიოთეკის ინიციატივის განხორციელების გამოცდილებაც. თესლის ბიბლიოთეკა „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანში“, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთ საჯარო ბიბლიოთეკასა და სამ საოჯახო მეურნეობაში 2024 წელს მოეწყო „სემინკოვნას“ ინიციატივის პროექტის - „თესლეულის ბიბლიოთეკები“ ფარგლებში. თესლის ბიბლიოთეკების საშუალებით ხდება არა მხოლოდ სათესლე მასალის გაცვლა და გაზიარება, არამედ მათ აქვთ ასევე საგანმანათლებლო ფუნქციაც, ისინი ხელს უწყობენ ახალი თანამშრომლობითი ჯგუფებისა და მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას.
ონლაინ სამუშაო შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მსგავსი შეხვედრები ნათლად აჩვენებს, რომ სათემო თესლის ბანკები არ წარმოადგენს მხოლოდ ადამინათა მცირე ჯგუფების ენთუზიაზმს. ისინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მდგრადობის ხელშეწყობისა და თანამშრომლობების განვითარებისათვის რეგიონებსა და ქვეყნებს შორის.
