7 აპრილს პროექტის 14 ბენეფიციარი დავით შუბითიძის ჰიდროპონიკურ სათბურს ეწვია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში. ჰიდროპონიკური მიწათმოქმედება ერთ-ერთი ინოვაციურ და სწრაფად განვითარებად მიმართულებად მიიჩნევა კონვენციურ სოფლის მერუნეობაში. ეს მიდგომა სრულიად გამორიცხავს ნიადაგის აუცილებლობას: მცენარები იზრდება მკვებავ ხსნარებში და გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით. დავით შუბითიძის მეურნეობა ორ 300 მ2 ფართობის თანამედროვე სათბურს მოიცავს, რომელთაგან ერთი მუშაობს მთლიანად ჰიდროპონიკურ სისტემაზე, მეორე - ნახევრად ჰიდროპონიკურზე, სუბსტრატის გამოყენებით. გასაღების ძირითადი არხი კომპანია "ჰერბიაა" - მწვანილის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი.
დავითი დიდი ხანი იყო დაინტერესებული ჰიდროპონიკური წარმოებით. განათლებით აგრონომი, ის საფუძვლიანად გაერკვა ტექნოლოგიურ დეტალებში და 2020 წელს შეღავათიანი აგროკრედიტი მოიპოვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ჰიდროპონიკურ სათბურში მოყავს რეჰანი და სალათის ფურცელი, ხოლო ნახევრად ჰიდროპონიკურში - კიტრი.
სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სათბურები და მრავალი კითხვა დაუსვეს დავითს მცენარეთა კვების მართვასა და სასუქების შერჩევაზე, წყლის ხარისხისა და pH-ის კონტროლზე, სუბსტრატის შერჩევასა და მთლიანად სისტემის მუშაობაზე.
მონაწილეებმა კმაყოფილება გამოხატეს ვიზიტით, ზოგიერთი მათგანი ფიქრობს ნანახი ტექნოლოგიის ელემენტის გამოყენებაზე თავიანთ მეურნეობებში. მსგავსი ვიზიტები ცხადყოფს, რომ ინოვაციები სოფლის მეურნეობაში არა შორეული მომავალი, არამედ - არსებული ცოცხალი მაგალითებია.
„მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4“ (SBDP4) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა".
