მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენინგი გიდებისათვის
2014 წლის 15 მარტს, ქ. ახალქალაქში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ოფისში ჩატარდა გიდების ტრენინგი პროექტის ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბენეფიციარებისათვის.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა საინტერპრეტაციო ტურის გაძღოლის, ვიზიტორთა მომსახურებისას სტუმართმოყვარეობის გამოვლენისა და ზომიერების დაცვის მნიშვნელობის, ტურის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტისა და ილუსტრირებული ტექსტის მომზადების, ასევე ორგანიზებული ტურის შეფასებისა და მომდევნო ტურების ორგანიზებისას გათვალისწინების მიზნით ვიზიტორთათვის მარტივი შეფასების ფურცლების შედგენის შესახებ სწავლებას.
პროექტს ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ანხორციელებს. პროექტის მიზანია ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში - დამხმარე ზონაში (პატარა ხანჩალი, ეფრემოვკა, ჟდანოვი, სამება, დადეში, სულდა, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, ბოზალი, კარწახი) ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ეკოტურიზმის განვითარების პროექტი ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ნაწილია, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით და ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)  თანამშრომლობით.