სიახლეები
„ელკანას“ წევრი ფერმერი ზაზა ივანიძე PanFest-ის პურისა და ფქვილის საერთაშორისო კონგრესზე

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრმა ფერმერმა ზაზა ივანიძემ მეუღლესთან, თიკო ჩილინგარაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო PanFest-ის პურისა და ფქვილის პირველ საერთაშორისო კონგრესში (www.panfest.es), რომელიც 2026 წლის 14–16 ივნისს, ესპანეთის ქალაქ სამორაში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საერთაშორისო გასტრონომიული კონგრესის Madrid Fusión-ის მიერ, ხოლო სპონსორობას უწევდა Caja Rural de Zamora. PanFest-ის საერთაშორისო კონგრესმა თავი მოუყარა მცხობელებს, ფქვილის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, შეფ-მზარეულებს და მკვლევრებს, რათა ემსჯელათ პურის დღევანდელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არტიზანულ პურს, ტრადიციულ მარცვლეულს და ინოვაციებს ფქვილის წარმოების სფეროში.

„ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის დიდი პატივი იყო PanFest-ის კონგრესში მონაწილეობა. ღონისძიება ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. კონგრესში მონაწილე, არტიზანული პურის ცხობისა და ტრადიციული ხორბლის შენარჩუნების მიმართულებით მომუშავე მცხობელებს, ექსპერტებს, შეფ-მზარეულებს და ა.შ. შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. მოხარული ვარ, რომ  შესაძლებლობა მომეცა ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამეკეთებინა,  რომლის ფარგლებშიც ვისაუბრე ხორბლის მდიდარ და მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე საქართველოში, ენდემურ სახეობებსა და ადგილობრივ ჯიშებზე, რომლებითაც ქართველი ხალხი ამაყობს, ასევე ჩვენს ქყვეყანაში არსებულ პურის ცხობის მდიდარ ტრადიციებზე,“ — ამბობს ტრადიციული ცხობის მცველი ზაზა ივანიძე და ამატებს: „დაუვიწყარი გამოცდილება იყო საერთაშორისო კონგრესზე ჩვენი აგროტურისტული მეურნეობის წარდგენა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ჩვენი კუთხისთვის - მესხეთისთვის დამახასიათებელი ქადა-ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასის ჩატარება და დამსწრე საზოგადოებისთვის მისი დაგემოვნების შესაძლებლობის მიცემა. ღონისძიებაზე წარვადგინეთ ჩვენს ტრადიციულ ქვის ფურნეში ადგილობრივი ხორბლის ჯიშის - ახალციხის წითელი დოლის ფქვილისაგან გამომცხვარი მესხური პური, ჩვენს მეურნეობაში წარმოებული თუთის ბაქმაზი და ჩურჩხელა, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს.“

ზაზა ივანიძე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრია 2015 წლიდან. მეფუტკრეობის პარალელურად, ზაზამ და მისმა მეუღლე თიკომ, 2019 წელს ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭრით, მოაწყეს ტრადიციული მესხური ქვის ფურნე და საფუძველი ჩაუყარეს მცირე არტიზანულ საცხობსა და აგროტურისტულ მეურნეობას სახელწოდებით „ამბარი“. აგროტურისტულ მეურნეობაში ზაზა და თიკო მასპინძლობენ სტუმრებს, რომლებსაც სთავაზობენ მესხურ ფურნეში ტრადიციული პურის ცხობის მასტერკლასებს, ასევე მესხური ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასებს და დაგემოვნებას. ზაზა ჩართულია „ელკანას“ აგრარული ბიომრავალფეროვნების პროგრამაში. მას, თავის მცირე მეურნეობაში მოჰყავს როგორც ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, ასევე ადგილობრივი ბოსტნეული, პარკოსანი კულტურები, ხილი. ოჯახი სტუმრებს საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტებით უმასპინძლდება.

გარდა ამისა, ზაზას და თიკოს მოწყობილი აქვთ თესლეულის ბიბლიოთეკა, სადაც მათ მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებსა და მეურნეობის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ გაცვალონ ოჯახურ მეურნეობებში წარმოებული ადგილობრივი კულტურების თესლეული. თესლეულის ბიბლიოთეკა აგროტურისტულ მეურნეობა „ამბარს“ ასოციაცია „ელკანამ“ გადასცა 2024 წელს, პროექტის - „თესლეულის ბიბლიოთეკები“ - ფარგლებში, რომელიც „ელკანამ“ ჩეხურ ორგანიზაცია Seminkovna-სთან პარტნიორობით განხორციელა.