ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების მოყვანის გამოცდილების გაზიარება

2026 წლის 2 ივლისს, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანს“ სოფელ წნისში, ესტუმრნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მარი გოგნიაშვილი და იაპონიის კობეს უნივერსიტეტის პროფესორი იოშიჰირო მაცუოკა. პროფესორი მარი გოგნიაშვილი მუშაობს ქართული ენდემური ხორბლებისა და მათი წინამორბედების გენეტიკური მრავალფეროვნების კვლევაზე, ხოლო პროფესორი იოშიჰირო მაცუოკა სწავლობს ხორბლის ევოლუციას.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს „მარცვლეულის კიდობანში“ არსებული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების ნათესები და გაეცნენ ამ კულტურათა აღდგენის, შენარჩუნების და გამრავლების კუთხით ასოციაცია „ელკანას“ მიერ განხორცილებული საქმიანობების გამოცდილებას.

 

2026 წლის 3 ივლისს, შედგა ვიზიტები ასევე „ელკანას“ აგრარულ ბიომრავალფეროვნების პროგრამაში ჩართულ სამ ფერმერთან კახაბერ გოგოლაძესთან სოფელ წნისში, პეტრე სუდაძესთან სოფელ მუსხში და ზაზა ივანიძესთან სოფელ ღრელში. სტუმრებმა ნახეს ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების ყანები და გაეცნენ ფერმერების გამოცდილებას ადგილობრივი ხორბლის თესვა-მოყვანის მიმართულებით.