სასწავლო ვიზიტი ელკანას საკონსერვაციო მეურნეობა მარცვლეულის კიდობანში

2026 წლის 9 ივლისს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანს“ სოფელ წნისში, სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ახალგაზრდების სასწავლო კურსის მონაწილეები და მათი ტრენერები. 

 

ვიზიტის ფარგლებში „ელკანას“ წარმომადგენლებმა სასწავლო კურსის მონაწილე ახალგაზრდებს და მათ ტრენერებს გააცნეს „ელკანას“ საქმიანობა, დაათვალიერებინეს „მარცვლეულის კიდობნის“ მეურნეობა, აჩვენეს ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების, ადგილობრივი პარკოსანი კულტურების, ბოსტნეულის, ღომის, სელის ნათესები, ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე, გაუზიარეს აგრარული ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით ასოციაცია „ელკანას“ მიერ განხორცილებული საქმიანობების გამოცდილება. ესაუბრნენ მათ ორგანული წარმოებისა და აგროეკოლოგიის მნიშვნელობაზე, გააცნეს მეურნეობაში არსებული სათემო თესლეულის ბანკი და  თესლეულის ბიბლიოთეკა, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

 

სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ახალგაზრდების სასწავლო კურსი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია „ერთობას“, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისის და ფრანგ ფერმერთა ასოციაცია FERT-ის ერთობლივი ძალისხმევით. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, მისი მიზანია 14–30 წლის ახალგაზრდების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება სოფლის მეურნეობის სფეროში, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გაცნობა, აგროსექტორში მათი ჩართულობის ხელშეწყობა და სამომავლო პროფესიული თუ სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერა.

 

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, ამავე სასწავლო კურსის ფარგლებში, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდები იმყოფებოდნენ „მარცვლეულის კიდობნის“ საკონსერვაციო მეურნეობაში. ვიზიტმა მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მონაწილეები დიდი ინტერესით გაეცნენ ადგილობრივი ჯიშების მარცვლეული კულტურების კოლექციას, თესლის მარაგებისა და შენარჩუნების პრაქტიკას, ასევე „ელკანას“ საქმიანობას ადგილობრივი ჯიშების მოძიების, დაცვის, გამრავლებისა და ფერმერებს შორის მათი გავრცელების მიმართულებით. სწორედ მონაწილეთა მაღალი ინტერესისა და დადებითი შეფასებების საფუძველზე, სასწავლო ვიზიტი „მარცვლეულის კიდობანში“ წელსაც სასწავლო კურსის მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება.


ასოციაცია „ელკანას“ და სბგც კავკასია ახალციხის ოფისს შორის ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2022 წლის აპრილში გაფორმდა.