2026 წლის 1 აგვისტოს, კახეთში, ზემო ხოდაშენში, ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში, გაიმართა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრთა X საერთო კრება.
საერთო კრება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. ასოციაციის 33 ნამდვილი წევრიდან კრებას ხმის უფლებით 24 წევრი ესწრებოდა, შესაბამისად, კრება უფლებამოსილი იყო გადაწყვეტილებები მიეღო.
კრების მონაწილეებს „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ ორგანიზაციის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც ორგანიზაცია დღეს დგას. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში „ელკანამ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ბიო და აგროეკოლოგიური მეურნეობების ხელშეწყობის, აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვის, საკონსერვაციო მეურნეობების განვითარების, აგროეკოლოგიური განათლებისა და სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით.
საერთო კრებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის ფინანსურ მდგრადობას. 2025 წელს „ელკანას“ შემოსავლები წინა წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა.
საგრანტო დაფინანსების შემცირების პირობებში მნიშვნელოვანი ხდება ისეთი საქმიანობების განვითარება, რომლებიც „ელკანას“ საკუთარი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. ამ მიმართულებით ორგანიზაცია გეგმავს ფასიანი მომსახურებებისა და სასწავლო პროგრამების განვითარებას, აგროეკოლოგიური ნიშნის სისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი თესლის რეალიზაციას და საკონსერვაციო მეურნეობებში ტურისტული მომსახურებების განვითარებას. ზემო ხოდაშენის მეურნეობაში უკვე დაიწყო თუშური ცხენის კონსერვაციისა და საცხენოსნო ტურიზმის განვითარება. მიღებული შემოსავალი საკონსერვაციო მეურნეობის შენარჩუნებასა და განვითარებას მოხმარდება.
2019 წელს „ელკანამ“ წევრი მეურნეების მიერ წარმოებული პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით აგროეკოლოგიური ნიშნის მინიჭების სისტემა შეიმუშავა და დანერგა. პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე სისტემა გადაიხედა და 2025 წელს მისი განახლებული ვერსია მომზადდა. განახლებული სისტემა მიზნად ისახავს აგროეკოლოგიური წარმოების მოთხოვნების უფრო მკაფიოდ განსაზღვრას, შიდა კონტროლის გაძლიერებას, პროდუქციის მიკვლევადობის უზრუნველყოფას და წევრი მეურნეების მიერ წარმოებული პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირების ხელშეწყობას.
ორგანიზაციის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განისაზღვრა „ელკანას“ ჩამოყალიბება იმ ადამიანთა პროფესიულ ასოციაციად, ვისაც ბიო- და აგროეკოლოგიური მეურნეობის მოწყობა-განვითარების რეალური ინტერესი და მოტივაცია აქვს.
კრების ბოლოს „ელკანას“ ახალი გამგეობა აირჩიეს. მისი ფორმირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის მისიისადმი წევრთა ერთგულებას, პროფესიულ გამოცდილებასა და „ელკანას“ განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის სურვილს.
საერთო კრებაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა „ელკანას“ მისიის მთავარი მიმართულებები — ბიო- და აგროეკოლოგიური მეურნეობის განვითარება, საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა, ფერმერთა ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერება და ადგილობრივი, ორგანული და აგროეკოლოგიური პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა.


