2026 წლის 1 აგვისტოს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრთა X საერთო კრებაზე ახალი გამგეობა აირჩიეს.
გამგეობის წევრები სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებისა და ინტერესების მქონე ადამიანები არიან, თუმცა მათ საერთო ღირებულებები აერთიანებთ — ბიო- და აგროეკოლოგიური მეურნეობის განვითარება, საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვა, ადგილობრივი ცოდნისა და რესურსების შენარჩუნება და ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
გაიცანით „ელკანას“ განახლებული გამგეობის წევრები და გაიგეთ, რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მართვაში მონაწილეობა

ქეთევან ჩხიტუნიძე - გამგეობის თავმჯდომარე
ფსიქოლოგი, მეღვინეობა „ალვერდის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მარნეული
„ელკანაში“ მხოლოდ ერთი წელია გავწევრიანდი, თუმცა ჩემი ოჯახი ამ ორგანიზაციასთან დიდი ხანია თანამშრომლობს. ცოტა ხნის წინ ძველ საბუთებს ვათვალიერებდი და ვიპოვე 17 წლის წინანდელი დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ „ელკანამ“ მამაჩემს ერთი ტომარა ხორბლის თესლი გადასცა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური აღმოჩნდა — სწორედ ასე დაიწყო ჩვენს ოჯახში ადგილობრივი ჯიშის ხორბლის აღორძინება.
პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, თუმცა სოფლის მეურნეობამ და განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობამ ძალიან გამიტაცა. დღეს მეღვინეობის მიმართულებით ვმუშაობ და აქტიურად ვმონაწილეობ ქალი მეღვინეების ინიციატივებსა და პლატფორმებში.
ჩემი მიზანია ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ამ მიმართულებით მთლიანად ვიზიარებ „ელკანას“ მისიას.“
თეო ურუშაძე - გამგეობის წევრი
პროფესორი, აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანი
„ჩემი ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა „ელკანასთან“ რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. “ელკანას“ ჩართულობით გერმანელ კოლეგებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში პირველად მოვაწყვეთ ორგანული ნარჩენებისგან კომპოსტის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა.
„ელკანას“ თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. ჩვენი სტუდენტები გადიან სტაჟირებას „ელკანაში“ და მათი ნაწილი შემდგომში ასოციაციაში დასაქმდა. მე და ჩემი სტუდენტები არაერთხელ დავესწარით ფერმერის დღეებს, რომლებსაც „ელკანა“ დაინტერესებული საზოგადოებისთვის ატარებს.
„ელკანას“ ოჯახთან თანამშრომლობა და მისი წევრობა ჩემთვის დიდი პატივია. სიამოვნებით ვთანამშრომლობდი „ელკანას“ გუნდთან, როგორც გამგეობის წევრი, და მზად ვარ, ეს აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გავაგრძელო.“
ია თაბაგარი - გამგეობის წევრი
ტურიზმის და მასპინძლობის ბიზნესის სპეციალისტი; საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე
„მე ვარ ია თაბაგარი, პროფესიით ტურიზმისა და მასპინძლობის ბიზნესის სპეციალისტი, ეთნოლოგიის მკვლევარი და აგროტურიზმის პროექტების განვითარების მიმართულებით მომუშავე პროფესიონალი.
„ელკანასთან“ თანამშრომლობა ჩემთვის საინტერესო შესაძლებლობაა, რომ ხელი შევუწყო კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მიზნობრივ ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლას, პროექტების მხარდაჭერასა და აგროტურიზმის განვითარებას.
დღეს ბიომეურნეობები, აგროტურისტული და ეკოპროექტები სულ უფრო ვითარდება, რაც სპეციალისტების ჩართულობასა და საერთო ხედვის ჩამოყალიბებას მოითხოვს.
ჩემი სურვილია, „ელკანას“ ძლიერ გუნდთან და სხვა პროფესიონალებთან ერთად ჩემი წვლილი შევიტანო ამ მიმართულების განვითარებაში.“
მამედ (ბუბა) ჯაფარლი - გამგეობის წევრი
ბიოლოგი, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროს დამოუკიდებელი კონსულტანტი
„ელკანასთან“ ცხრა წლის თანამშრომლობა მაკავშირებს. ვმართავდი ორ დიდ პროექტს, რომლებშიც „ელკანა“ შემსრულებელი პარტნიორი იყო. გარდა ამისა, „ელკანას“ მიერ დაქირავებული ვიყავი ორი ქვეპროექტის გუნდის ხელმძღვანელად. ასევე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი „ელკანას“ გამგეობის წევრი. ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, კარგად შემესწავლა და გამეგო ორგანიზაციის მისია, ხედვა, ფასეულობები და განვითარების სტრატეგიები.
ვამაყობ, რომ „ელკანას“ დიდი ოჯახის ნაწილი ვარ და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში შემიძლია წვლილი შევიტანო იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოში მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისა და აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის ახორციელებს.
სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მსურს, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელო მონაწილეობა „ელკანას“ საქმიანობაში.“
ნათია მაჭარაშვილი - გამგეობის წევრი
საოჯახო მარნის „ლაგაზი ვაინერის“ და საცხობ „ლაგაზი ბექერის“ მენეჯერი, ახმეტა
„მე და ჩემი მეუღლე 2016 წლიდან „ელკანას“ წევრები ვართ და ძალიან გვიყვარს ეს ორგანიზაცია. სწორედ „ელკანას“ დამსახურებაა, რომ მოგვყავს ქართული ჯიშის სხვადასხვა ხორბალი და გვაქვს აგროტურისტული მეურნეობა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო „ელკანას“ მხარდამჭერი, შევცვალო ჩემს ირგვლივ ადამიანების ცნობიერება და ხელი შევუწყო იმ საქმიანობის პოპულარიზაციას, რომელსაც ეს ორგანიზაცია ეწევა.“
ანზორ მაისურაძე - გამგეობის წევრი
ბიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომელი, ფერმერი
„უკანასკნელი წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა მაკავშირებს „ელკანასთან“. გამგეობის წევრად მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა, როგორც ცნობიერების ამაღლების, ისე პიროვნული ზრდის თვალსაზრისით.
კარგად ვიცნობ ორგანიზაციის საჭიროებებს, პრობლემებსა და გამოწვევებს და მინდა, ჩემი შესაძლებლობებით, უანგაროდ ვემსახურო მას. ჩემთვის „ელკანას“ მთავარი ღირებულება ცოდნის გაზიარებაა — სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია.“
გლახო ხარაიშვილი - გამგეობის წევრი
ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებული პროდუქტების წარმოების სპეციალისტი, ფერმერი, ლაგოდეხი
„კენკრას ვაწარმოებ და ვცდილობ, ჩემი მეურნეობა ბიომეთოდებით ვმართო. მას შემდეგ, რაც „ელკანასთან“ დავიწყე თანამშრომლობა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩემი მიდგომები — ვზრუნავ გარემოზე, ვაწარმოებ ხარისხიან პროდუქტს და გამოცდილებას ჩემს თემს ვუზიარებ.
მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა, გამოცდილების, მოსაზრებებისა და წარმატებების გაზიარება. „ელკანას“ გამგეობის წევრობა ჩემთვის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და ორგანიზაციის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობაა.“
მარიამ პატარიძე - გამგეობის წევრი
მცირე მეწარმე, ვაშლის ძმრის მწარმოებელი, ცაგერი
„ლეჩხუმში მცირე საწარმო მაქვს და ვაშლის ძმარს ვაწარმოებ. ეს საქმიანობა 2021 წელს დავიწყე, ხოლო 2023 წლიდან „ელკანას“ წევრი ვარ.
„ელკანას“ როლი ჩვენს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ჩვენს რეგიონში უფრო დიდი საწარმო ავაშენეთ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობის დაგეგმვისას სწორედ „ელკანასთან“ ერთად შემუშავებული გეგმით ვხელმძღვანელობთ.“
დავით კაჭკაჭაშვილი - გამგეობის წევრი
მეღვინე, საოჯახო მარნის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სიღნაღი
„მევენახეობა-მეღვინეობას სოფელ ნუკრიანში მივდევ და ვარ მეღვინეობა „ნუკრიანის“ დამფუძნებელი. ყოველთვის მინდოდა ბიოღვინის წარმოება და დღეს უკვე მაქვს ბიოვენახი და ვაწარმოებ ქვევრის ბიოღვინოებს.
ჩვენი მეურნეობისათვის მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნება, ამიტომ ვუვლით ხეხილსაც და ვცდილობთ, მეურნეობა მრავალფეროვანი იყოს.
„ელკანას“ ფასეულობები და მისია ჩემთვის მისაღებია. სწორედ ამიტომ მინდა, უფრო აქტიურად ჩავერთო ორგანიზაციის საქმიანობაში და ჩემი გამოცდილება მის განვითარებას მოვახმარო.“
