2014 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა გასაცნობი
ტური ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მედიის, ტურ-ოპერატორების,
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ ნახეს ჯავახეთის
დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტბები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ჯავახეთის
ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, მიიღეს ინფორმაცია ჯავახეთის ეროვნული პარკის
შექმნის პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობებისა და შედეგების, ასევე აღნიშნული
ტერიტორიის, მისი მნიშვნელობისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ტური
ჩატარდა პროექტის „ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის დამხმარე
ზონის ტერიტორიაზე“ ფარგლებში, რომელსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“
ანხორციელებს. ეკოტურიზმის განვითარების პროექტი ჯავახეთის ეროვნული
პარკის შექმნის პროექტის ნაწილია, რომელსაც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის
KfW ფინანსური მხარდაჭერით
2009 წლიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი WWF
ანხორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
თანამშრომლობით. ჯავახეთის ეროვნული
პარკის შექმნის პროექტის შედეგად შეიქმნა ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, კერძოდ ჯავახეთის ეროვნული პარკი და ხუთი აღკვეთილი.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ტურისტული და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის განვითარება. 2015 წლის გაზაფხულიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები მზად იქნება ვიზიტორების მისაღებად.