მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის საახალწლო გამოფენა-ბაზრობა


 

2014 წლის 27-28 დეკემბერს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამმა”, მოაწყვეს ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის გამოფენა-ბაზრობა.

თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბაზრობის მოწყობა შესაძლებელი იქნა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას - ბუკიას ბაღთან (პეკინის გამზირი, მეტრო „პოლიტექნიკურის“ ამოსასვლელი).

ღონისძიება გაიმართა პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის/ჩარჩო-პოლიტიკის შემუშავებას. პროექტი საშუალებას აძლევს ფერმერებს მათი პრობლემების შესახებ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებებს მიაწვდინონ ხმა.

გამოფენა-ბაზრობამ თავი მოუყარა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ 25-მდე ფერმერს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობდნენ ჩურჩხელას, თაფლს, ნიგოზს,  ქათამსა და იანდაურს, კახურ შაშხს, ღვინოს და ჭაჭას, თუშურ ყველსა და ერბოს, ქუმელს, სიმინდის ფქვილს და ღერღილს, წითელი დოლის პურის ფქვილს, ლობიოს, მანდარინს და სხვა პროდუქტებს. ღინისძიებაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე ნუკრიანისა და ნაფარეულის ქალთა სახელოსნოების ხელნაკეთი ნაწარმი - თექის საახალწლო სუვენირები და სათამაშოები.

ღონისძიება  ემსახურებოდა ერთი მხრივ, სუფთა გარემოსა და ჯანსაღი კვების პროპაგანდას, ხოლო მეორე მხრივ, სურსათის მწარმოებელ ფერმერთა უშუალო დაკავშირებას მომხმარებელთან და ფერმერების შემოსავლების გაზრდას.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დამზადდა საინფორმაციო ბანერები და ფლაერები, რომელზეც განთავსებული იყო ინფორმაცია სწორი კვებისა და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების შესახებ, რომელსაც მარცვლეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული შეიცავს.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია -  თბილისელები სიამოვნებით აგემოვნებდნენ და ყიდულობდნენ სხვადასხვა პროდუქტს საახალწლო სუფრისთვის.  დიდი მოთხოვნა იყო კახურ შაშხზე, ინდაურსა და ქათამზე, ხოლო წითელი დოლის პურის ფქვილმა მყიდველთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ბევრი თბილისელი ფერმერებს ართმევდა საკონტაქო ინფორმაციას, რათა მომავალში პირდაპირ მათგან შეიძინონ პროდუქტი.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჯანსაღი კვებით დაინტერესებული თბილისელები, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების. ღონისძიება გაშუქდა საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით.