მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სამოქალაქო საზოგადოებებისა და ფერმერთა ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა რომში

27 - 29 იანვარს რომში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებებისა და ფერმერთა ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა, რომლის თემა იყო მიწათმფლობელობის, მეთევზეობისა და მეტყევეობის შესახებ ნებაყოფლობითი სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. სემინარი ორგანიზებული იყო European Coordination La Via Campesina-ს (ECVC), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), FoodFirst International and Action Network-ის (FIAN), Transnational Institute-ისა (TNI) დ ა Crocevia-ს მიერ.

მიწათმფლობელობის, მეთევზეობისა და მეტყევეობის შესახებ ნებაყოფლობითი სახელმძღვანელო პრინციპები და ნორმები საერთაშორისოდ იქნა აღიარებული და ისინი უნდა ემსახურებოდნენ, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და უსაფრთხოდ განახორციელონ თავიანთი მომავალი ქმედებები, რათა ამით ხელი შეეწყოს სასურსათო უსაფრთხოების მდგრად განვითარებას.

მიწათმფლობელობის, მეთევზეობისა და მეტყევეობის შესახებ ნებაყოფლობითი სახელმძღვანელო პრინციპები ქმნიან იმ ჩარჩოს, რომელიც, კერძო სექტორისა და მთავრობების გარდა, სამოქალაქო ორგანიზაციებს დაეხმარება მიზანმიმართულად  გაატარონ თავიანთი პოლიტიკა და წარმატებით აღასრულონ ის პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბუნებრივი რესურსების სწორ გამოყენებას.

სემინარის მიზანი იყო:

• შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების ფართოდ გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრა ყველა დონეზე;

• იმ შესაძლებლობების შესწავლა, რომლებიც FAO-ს ტექნიკურ ბლოკს, ECVC-სა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

• სამოქალაქო საზოგადოებისა და ფერმერთა ორგანიზაციების იმ ტექნიკური რესურსების გამოვლენა, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ექნება FAO-ს მიერ აღიარებული სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვაში რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.

სემინარში მონაწილეობა მიიღო და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარა სამოქალაქო საზოგადოებისა და ფერმერთა ორგანიზაციების დაახლოებით 30-მდე წარმომადგენელმა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან -  ესპანეთიდან ყირგიზეთამდე. „ელკანას“ სახელით სემინარს ესწრებოდნენ მარიამ ჯორჯაძე (დირექტორი) და რუსუდან თაბუკაშვილი (სასურსათო უსაფრთხოების პროექტის მენეჯერი).

სემინარის ბოლო დღეს  მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ FAO-ს წარმომადგენლებს და მათთვის თავიანთი  მოსაზრებები გაეცნოთ.

სემინარის შედეგად გამოიკვეთა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინფორმაციის ნაკლებობა ზემოხსენებული საკითხების ირგვლივ და დაიგეგმა FAO-სთან თანამშრომლობით ტრენინგის ჩატარება ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

სემინარის მეორე რაუნდი დაგეგმილია 13 - 15 მარტისათვის ბელგიაში, ქ. ბრიუსელში.