მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

მსოფლიო ბანკი და იაპონიის სოციალური განვითარების ფონდი რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ღარიბი თემების შესაძლებლობების ზრდას უწყობენ ხელს

პრესრელიზი


თბილისი, 2015 წლის 15 იანვარი - დღეს მსოფლიო ბანკმა, რომელიც იაპონიის მთავრობის მიერ „იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოყოფილ საგრანტო თანხებს განკარგავს, და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ 2,5 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ღირებულების საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნულის ფარგლებში პროექტი „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა“  განხორციელდება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობების შემსრულებელმა, იოსებ მელითაურმა და „ელკანა“-ს დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ.

აღნიშნული სამწლიანი პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან  და  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით იქნება განხორციელებული.

პროექტის მთავარი მიზანია კახეთის და იმერეთის რეგიონებში, სადაც ტურიზმის განვითარებისა და ურბანული აღორძინების მიზნით მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტები მიმდინარეობს, ღარიბი და მოწყვლადი თემებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და მათი შემოსავლების გაზრდა. ყოველივე ეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმით უნდა იქნას მიღწეული: (ა) თემებისთვის ტურიზმისა და სურსათის წარმოების სფეროებშიმიკრო და მცირე  ზომის საწარმოების ჩამოყალიბებაში/ზრდაში ხელის შეწყობა და (ბ) მცირე სათემო სამუშაოების ჩატარება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მახლობლად.

კახეთის რეგიონში პროექტი თელავში, ყვარელსა და დართლოში და  კულტურული მემკვიდრეობის განახლებული ძეგლების გარშემო რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდება, ხოლო იმერეთში - წყალტუბოსა და ვანში   რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში.

„კახეთის და იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტების ფარგლებში მხარდაჭერილი ღონისძიებების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის განვითარების ხელშეწყობა და პირდაპირი სარგებლის მოტანა. ამ ორ რეგიონში ჩასული სტუმრები ტურიზმის სექტორში  და ტურიზმთან დაკავშირებულ ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვან პირდაპირ და ირიბ კერძო ინვესტიციებს იზიდავენ. მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, რათა ჩასული ტურისტებისგან  მათ უფრო მეტი ფინანსური სარგებელი მიიღონ. კახეთში მცხოვრებმა დაახლოებით ოთხმოცმა სახლის მეპატრონემ უკვე გადააქცია საკუთრების ნაწილი ხელნაკეთი ნივთების საამქროებად, სუვენირების მაღაზიებად, კაფეებად, რესტორნებად ან საოჯახო ტიპის სასტუმროებად, რაც მათ უფრო მეტ შემოსავალს აძლევს და ხელს უწყობს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,“ განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის  მდგრადი განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, აჰმედ ეივეიდამ.

დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება კახეთში და იმერეთში მცხოვრებ 500 ოჯახს, განსაკუთრებით ქალებს, ახალი ბიზნესების დაწყებაში დაეხმარება. პროექტისგან პირდაპირ სარგებელს მიიღებს 2,700 ღარიბი და მოწყვლადი ადამიანი, მათ შორის დევნილები (განსაკუთრებით ისინი, ვინც წყალტუბოში ან მასთან ახლოს ცხოვრობენ). პროექტის ბენეფიციარებს შორის არიან ადგილობრივი მეწარმეებიც, რომლებსაც ბიზნესის დაწყება, საოჯახო საწარმოების გახსნა, ქალების მიერ მართული საწარმოების - მაგალითად ხელნაკეთი ნივთების საწარმოების, საოჯახო ტიპის სასტუმროების, კაფეების/რესტორნების, სუვენირების მაღაზიების და ასევე ადგილობრივი პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნა აინტერესებთ. ადგილობრივი თემის სხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მცირე სათემო სამუშაოებში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო ჩატარდება. დაგეგმილია გზების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, წყალმომარაგების და ქუჩის განათების სისტემებისა და პარკების მოწესრიგება. ეს გრანტი ადგილობრივ ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობას დამატებითი საგრანტო დაფინანსებით, საჭირო ცოდნითა და ინფორმაციით უზრუნველჰყოფს.

“პროექტი ქმნის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას სოფლის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი და ღარიბი ფენებისათვის ჩაერთონ ბიზნესში, გაიუმჯობესონ შემოსავალი და ამგვარად წვლილი შეიტანონ ადგილობრივი ეკონომიკის ზრდაში. ამ მიმართებით ელკანას კარგი გამოცდილება დაწარმატებებიც აქვს  საქართველოს მასშტაბით,” განაცხადა “ელკანა”-ს დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა არასამთავრობო ორგანიზაციაა რომელიც 1994 წლის აგვისტოში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია საქართველოს მოსახლეობის სოციო-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა სიცოცხლისუნარიანი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლის მოსახლეობის გააქტიურების გზით.

1992 წლის შემდეგ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა დაახლოებით 2.27 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს.

http://www.worldbank.org.ge

გვეწვიეთ Facebook-ზე: https://www.facebook.com/WorldBankEuropeCentralAsia

 „ელკანას“ საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ:

www.elkana.org.ge

საკონტაქტო პირები

 

მსოფლიო ბანკი:

ინგა პაიჭაძე

ტელ.: (+995 32) 291 30 96

ipaichadze@worldbank.org

 

იაპონიის საელჩო საქართველოში:

ჰიროკი ტოკუნაგა

ტელ.: (+995 32) 275 21 11

ecocoop@tb.mofa.go.jp

 

“ელკანა”:

ანა ახვლედიანი

ტელ.: (+995 32) 253 64 85

biofarm@elkana.org.ge