მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროგრამა - დეგუსტაციის საღამო

2014 წლის 19 დეკემბერს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ გამართა დეგუსტაციის საღამოს. ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის, გლობალური გარემოს დაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამისა (UNDP/GEF SGP) და გერმანული ორგანიზაციის „Brot für die Welt“-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

საღამოზე დამსწრეთ შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ “ელკანას” აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროგრამის შედეგებს და, ასევე, დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები, რომლებიც დამზადებული იყო  კახური ღორის ხორცისა და ხორბლის, მუხუდოს და ცულისპირას ადგილობრივი ჯიშებისგან. ამასთან ერთად, აგრარული უნივერსიტეტის შეფ-მზარეულებთან ერთად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კერძების მომზადების პროცესის გაცნობოდნენ.

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობა „ელკანას“ ერთ-ერთი მთავარი პროგრამული მიმართულებაა და წლების განმავლობაში ამ პროგრამის მუდმივი მხარდამჭერია ორგანიზაცია „Brot für die Welt“, გერმანია.  კულტურულ მცენარეთა კონსერვაციაზე „ელკანა“ 1996 წლიდან მუშაობს, 2011 წლიდან კი ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშნის საცდელ-სადემონსტრაციო ფერმის ბაზაზე შინაური ცხოველების1 რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან და საფრთხის წინაშე მდგარ ადგილობრივ ჯიშს: კახურ ღორს, ქართულ მთის ძროხას (ჯილაგი - თუშ-ხევსურული) და ქათმის ხუთ პოპულაციას (ნაცარა, ყელტიტველა, შავი, მეგრულა და ჩალისფერი) ამრავლებს მათი შენარჩუნებისა და დაინტერესებულ ფერმერებს შორის გავრცელების მიზნით.   არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, საქართველოში მეცხოველეობას ძველი წელთაღრიცხვის VI ათასწლეულიდან მისდევენ. შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯიშები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად, უკონტროლო შეჯვარების გამო ადგილობრივი ჯიშების უმეტესობა სრული გაქრობის პირასაა.

2011-12 წლებში შინაურ ცხოველთა კონსერვაციის პროექტი ფინანსდებოდა საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდის სამეფოს საელჩოს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (MATRA) მიერ. 

2013 წლიდან „ელკანა“გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს 2-წლიან პროექტს - “გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი შინაური ცხოველების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში’’. პროექტის ფარგლებში  60-მდე ფერმერმა გაიარა ტრენინგები როგორც კახური ღორისა და ქათმის ადგილობრივი პოპულაციების მოვლა-შენახვის, ასევე მეურნეობის მართვისა და ბიზნეს-დაგეგმარების საკითხებზე. დღეისათვის კახეთში ფერმერთა სამი ჯგუფია შექმნილი (ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები მატანი და დუისი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანი), რომლებიც შინაურ ცხოველთა კონსერვაციის პროგრამაში არიან ჩართული. მათ პროექტის ფარგლებში ახმეტის ფერმის ნამატი - ბოჩოლები, გოჭები და წიწილები გადაეცათ შემდგომი გავრცელებისა და კომერციალიზაციის მიზნით. 

დეგუსტაციის ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები და, ასევე, პროექტში მონაწილე ფერმერები, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებასა და გეგმებზე.  

https://www.youtube.com/watch?v=dWxZan-TAIM