2015 წლის 27 მარტს, წაღვერის ფერმერთა მომსახურებისა და ტურიზმის ცენტრში გაიმართა სერტიფიკატების გადაცემა იმ ადგილობრივი სასტუმრო სახლების მფლობელებისთვის, რომელთაც გაიარეს პროფესიული გადამზადების კურსი „სოფლის ტურიზმი“.
სწავლება ჩაატარა ბიოლოგიურ მეურნეობთა ასოციაცია „ელკანამ“ 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2015 წლის იანვარში. სწავლებში მონაწილეობა მიიღო წაღვერის საკრებულოს სოფლების 18 სასტუმრო სახლის მფლობელმა. მათ სერტიფიკატები გადასცეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის "მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა", ხელმძღვანელმა, ლალი მესხმა და ასოციაცია „ელკანას“ ექსპერტებმა, მანანა გიგაურმა და ნანა ქართველიშვილმა.
ამ პროექტის განხორციელება წაღვერის საკრებულოს სოფლებში 2012 წლის ზაფხულში დაიწყო. 2014 წლიდან კი სოფლის მეურნეობისა და სოფლის ტურიზმის განვითარების კომპონენტის განხორციელებაში ჩაერთო ასოციაცია „ელკანა“.
სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასოციაცია „ელკანას“ ექსპერტებმა წაღვერის საკრებულოს სოფლებში შეისწავლეს ტურიზმის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი, რის საფუძველზეც წარმოადგინეს რეკომენდაციები და დაიწყეს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება სასტუმრო სახლების ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
სასტუმრო სახლების გაუმჯობესების მიზნით, შერჩეულია 4 სასტუმრო სახლი, რომლებსაც პროექტის დახმარებით და მათი მფლობელების ფინანსური თანამონაწილეობით ჩაუტარდებათ რეკონსტრუქცია, რათა დააკმაყოფილონ „ელკანას“ მიერ საეთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული სოფლის ტურიზმის სტანდარტები და განთავსდნენ „ელკანას“ კატალოგში. სასტუმრო სახლების რეკონსტრუქციის დასრულება იგეგმება 2015 წლის ზაფხულის სეზონისათვის, ივნისის დასაწყისში.
"მდგრადი განვითარებისა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის" პროექტის საწყის ეტაპზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოინიშნა ექვსი ტურისტული ბილიკი (ჯამში 100 კმ) და ამ მარშრუტებისათვის მომზადდა საინფორმაციო ფურცლები ქართულ და ინგლისურ ენებზე. აგრეთვე, შედგა საინფორმაციო ფურცლები წაღვერის მინერალურ წყლების შესახებაც.
წლევანდელ სეზონზე წაღვერში დასვენების მსურველებს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ - საინტერესო ქვეითი მარშრუტები, უკეთ აღჭურვილი სასტუმრო სახლები და გაუმჯობესებული მომსახურება.