მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ატაშე, ბატონ ხუან ეჩანოვესთან.


აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეორე სამუშაო ჯგუფის ინიციატივით ა.წ. 30 ივნისს ევროპის სახლში გაიმართა შეხვედრა ხუან ეჩანოვესთან.

თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა, ბ-ნ ეჩანოვეს მიულოცა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს საწმისის“ ორდენით დაჯილდოება.

ხუან ეჩანოვემ გააკეთა მოხსენება - „ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ (“EU COOPERATION ON AGRICULTURE IN GEORGIA”), რომლის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბა იმ მრავალრიცხოვან პროექტებზე,  რომლებსაც ახორციელებს ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის,  ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ყველაზე დიდი და ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფის - მცირე ფერმერების ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე.

 

მომხსენებელმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია რომ ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ხელს უწყობს და ეხმარება სოფლის მეურნეობის სტრატეგიის რამდენიმე მიმართულების (საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020  მოიცავს ექვს სტრატეგიულ მიმართულებას) განხორციელებაში როგორც კონკრეტული პროგრამებით, ისევე ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიგვიყვანს სექტორის მდგრად განვითარებამდე.

 

ბ-მა ეჩანოვემ ასევე ისაუბრა საქართველოში ENPARD -ის პროგრამის მიზნების/პრიორიტეტებისა და წარმატებების  შესახებ. ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) ხუთწლიანი პროგრამაა (2013 წლის მარტი – 2018 წლის მარტი), რომელიც ხელს უწყობს სექტორში ჩართული ინსტიტუციების, კერძოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განვითარებასა და ეფექტურ ფუნქციონირებას; ფერმერთა ცოდნის გაუმჯობესებას რაიონების დონეზე საინფორმაციო/საკონსულტაციო ცენტრების ფუნქციონირებით; მცირე ფერმერთა კოოპერაციის გაძლიერებით პროდუქტიულობის ზრდასა და ეკონომიკური მასშტაბების მიღწევას;  სოფლად დასაქმების ზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.   

 

ამასთან ერთად, ბ-მა ეჩანოვემ ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის პროცესებში ჩართვისათვის სამოქალაქო სექტორისათვის ქმნის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმა, როგორც ევროკომისიის ეგიდით და ხელშეწყობით მოქმედი ინსტრუმენტი.

 

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის საქართველოს ალიანსის წევრი 30-მდე ორგანიზაცია. მოხსენების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ორსაათიანი განხილვა, რაც სექტორისადმი მზარდი ინტერესის მაჩვენებელია.

შეხვედრას უძღვებოდა ქ-ნი მარიამ ჯორჯაძე, ბიოლოგიურ მეურნეობათ ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი.