სიახლეები

სამუშაო შეხვედრა- „ოჯახური მეურნეობების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

ა.წ. 18 სექტემბერს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ გამართა  სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა, რომლის თემა იყო - „ოჯახური მეურნეობების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. ღონისძიება ჩატარდა Brot fur die Welt-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში.

FAO-ს მონაცემების მიხედვით, ოჯახური მეურნეობების როლი მსოფლიოს სასურსათო უზრუნველყოფის საქმეში ძალზე მაღალია - მსოფლიო სურსათის 70 % სწორედ ასეთ მეურნეობებში იწარმოება. ამიტომ 2014 წელი FAO-მ ოჯახური მეურნეობების წლად გამოაცხადა.  ამ მიმართულებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართა სპეციალური ღონინისძიებები და შეიქმნა ეროვნული კომიტეტები ოჯახური მეურნეობების ხელშეწყობის პოლიტიკის შესამუშავებლად.

რამდენადაც საქართველოში  ოჯახური მეურნეობების წილი დიდია, ძალზე მნიშვნელოვანია მოხდეს მათი ხელშეწყობის აქტუალიზაცია და შედგეს სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფი, ფერმერული ორგანიზაციების მაღალი ჩართულობით.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ოჯახური მეურნეობების განვითარების  შემაფერხებელ ფაქტორებსა და ფერმერთა თვალით დანახულ პრობლემებზე. ამ საკითხებზე განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება 2014 წელს გამართულ საქართველოს ფერმერთა კონგრესზე, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტის -„რეგიონალური სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება ეროვნული სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის გზით“- ფარგლებში (განმახორციელებელი ოქსფამი, პარტნიორი საქართველოში - „ელკანა“).

აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობისას გამოიკვეთა საქართველოში ოჯახური მეურნეობების ხელშეწყობის პოლიტიკის შემუშავებისა და მასთან დაკავშირებით საოჯახო მეურნეობების ეროვნული კომიტეტის, რომელიც ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების პლატფორმას წარმოადგენს, ჩამოყალიბების საჭიროება (2014 წელს სხვადასხვა ქვეყანაში 50-მდე ეროვნული კომიტეტი შეიქმნა).

შედეგად, შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ოჯახური მეურნეობების ეროვნული კომიტეტის ჩამოყალიბების თაობაზე. ახალშექმნილ კომიტეტში გაერთიანდა შეხვედრის მონაწილე თორმეტივე ორგანიზაცია:

1. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;

2. სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია „ფარეზი";

3. საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია;

4. სამცხე-ჯავახეთის  მხარის მეფუტკრეთა სახლი;

5. საქართველოს ფერმერთა სახლი;

6. ასოციაცია მომავლის ფერმერი;

7. ქართლის ტრადიციული მევენეხეობის ასოციაცია;

8. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“;

9. ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისათვის;

10. მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF);

11. სოფ. წყრუთის ფერმერთა ასოციაცია „ანლუჩი“

12. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" (თბილისის და ახალციხის ოფისები).

 

შეხვედრის მონაწილეებმა აირჩიეს ოჯახური მეურნეობების ეროვნული კომიტეტის ადმინისტრაციული ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

-          თავმჯდომარე - მარიამ ჯორჯაძე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი

-          მდივანი - რუსუდან გიგაშვილი, ასოციაცია მომავლის ფერმერის თავმჯდომარე

-          ხაზინადარი -  თამარ ნასყიდაშვილი, მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF), პროგრამის მენეჯერის მოადგილე

განისაზღვრა საკითხები, რომლებსაც უნდა ემსახურებოდეს ეროვნულ კომიტეტის საქმიანობა:

-          ფერმერული მოძრაობების გაძლიერება;

-          საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათ შორის საოჯახო მეურნეობების როლზე სურსათის მდგრადი წარმოების, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების შენარჩუნების საქმეში;

-          ქალთა ჩართულობა;

-          მცირე ფერმერების მიგრაციის შემცირება;

-          ადგილობრივი ბაზრების დაცვა და სასურსათო სუვერენიტეტი;

-          თანამონაწილეობითი კვლევები საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობისათვის.

ოჯახური მეურნეობების ეროვნულ კომიტეტს კავშირი ექნება ამ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იზრუნებს ოჯახური მეურნეობების ხელშეწყობის პოლიტიკის შემუშავებაზე. კომიტეტში გაერთიანება შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საოჯახო მეურნეობის ხელშეწყობისათვის მუშაობს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საოჯახო მეურნეობების ეროვნული კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართება 2015 წლის დასრულებამდე. 

 Family Farming Presentation