მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

პრესრელიზიიტალიის, თურქეთისა და საქართველოს თხილის მწარმოებელი ორგანიზაციების საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა და კონფერენცია

  2018 წლის 16-18 აპრილს, იტალიის ქალაქ ნეპიში (ვიტერბო), ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების თხილის მწარმოებელ ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების - „ლაზის“, „ნარაზენის“, „ედელვაისისა“ და „ამხანაგობის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს იტალიის, თურქეთისა და საქართველოს თხილის მწარმოებელი ორგანიზაციების საერთაშორისო სამუშაო შეხვედრასა და კონფერენციაში, რომელიც თხილის საწარმოო ჯაჭვის განვითარების საკითხებს ეხებოდა.

 ღონისძიება გაიმართა მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის (FAO), ალტერნატიული ეკონომიკის ცენტრის (Città dell'Altra economia)/სკოლა კამპენსინას (Schola Campesina), ლაციოს სოფლის განვითარების რეგიონული სააგენტოსა (ARSIAL) და შვეიცარული ორგანიზაცია „ჰექს-ეპერის“ მხარდაჭერითა და ორგანიზაციების - „ბიოდისტრეტო დელა ვია ამერინა ე დელე ფიორე“ (Biodistretto della Via Amerina e delle Forre, იტალია), ჩიფჩი სენ/ფინდიკ სენ (Cifti Sen/Findik-Sen, თურქეთი) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებით. საქართველოს დელეგაციის ღონისძიებაში მონაწილეობა მოხდა პროექტის - "ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში" ფარგლებში.

  ღონისძიების მიზანი იყო თხილის მწარმოებელი ორგანიზაციებისა და თხილის სექტორის ძირითად ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ აქტორებს შორის გამოცდილების გაზიარება, არსებული პრობლემების ანალიზი და მათი ერთობლივად გადაჭრის გზების დასახვა. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

თხილის მოვლა-მოყვანის სისტემებისა და მიწოდების ჯაჭვის განვითარების ანალიზი იტალიაში, საქართველოსა და თურქეთში;

თხილის მიწოდების ჯაჭვის სისტემაში ჩართული ორგანიზაციების როლის შეფასება FAO/CFS „სოფლის მეურნეობასა და სასურსათო სისტემაში პასუხისმგებლიანი ინვეტირების პრინციპებისა“ (RAI) და OECD „სოფლის მეურნეობის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაიდლაინების“ ჭრილში;

საკონტრაქტო სოფლის მეურნეობა და თხილის მიწოდების ჯაჭვი;

ფერმერული ინოვაციები და დამატებული ღირებულება მწარმოებლის დონეზე: აგროეკოლოგიური მოდელი, ტრადიციული გადამუშავებული/მზა პროდუქტები და ადგილობრივი ბაზარი.

ღონისძიების პირველი დღე დაეთმო სამი ქვეყნის ფერმერების შეხვედრას. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მათ ქვეყნებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გარშემო და მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია. მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება შექმნან თხილის მწარმოებლებისა და ორგანიზაციების მუდმივი ქსელი და ინფორმაციის გაცვლისა და მონიტორინგის მუდმივი სისტემა, რომელიც შეიმუშავებს ერთობლივი ადვოკატირების სტრატეგიას თხილის ყველა მწარმოებლისათვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად.

ღონისძიების მეორე დღე დაეთმო საერთაშორისო კონფერენციას, სადაც სამი ქვეყნის ფერმერებთან ერთად, მოხსენებით გამოვიდნენ სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის, იტალიის ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დებატები, სადაც თხილის მწარმოებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები. ღონისძიების ბოლო დღეს ფერმერებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მოენახულებინათ აგროეკოლოგიური თხილის მეურნეობები და გაცნობოდნენ მათ საქმიანობას.