მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

მივიწყებული კულტურების მოამაგე...

მივიწყებული კულტურების მოამაგე...


        


2019 წელი ასოციაცია „ელკანასა“ და საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების ყველა გულშემატკივრისათვის დიდი დანაკლისით დაიწყო - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2019 წლის 2 იანვარს, გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეცნიერი, საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების დიდი მოამაგე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაში“ ყველასათვის საყვარელი თანამშრომელი - ბატონი ტაიულ ბერიშვილი.

ბატონო ტაიული, „ელკანაში“ მოსვლამდე, მრავალი წელი მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში და 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა კულტურული ფლორის განყოფილებას. 1990-იან წლებში, როდესაც ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოიშალა და ბოტანიკის ინსტიტუტში დაცულ თესლეულის ბანკს განადგურება დაემუქრა, მან აქტიურად დაიწყო მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების გენეტიკური რესურსების შენარჩუნების გზების ძიება. 1996 წელს, ბატონი ტაიული მოვიდა ასოციაცია „ელკანაში“ და გვთხოვა „ელკანას“ წევრი ბიომეურნეობების ბაზაზე ბოტანიკის ინსტიტუტში დაცული სათესლე მასალის შენარჩუნების ხელშეწყობა.

თავდაპირველად, მის მიერ მოწოდებული უნიკალური სათესლე მასალა მცირე ფართობზე დაითესა, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ხორბლის, სხვა მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები ძალზე საინტერესო იყო ბიომეურნეებისათვის. ასე გაჩნდა აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშემწყობი პროგრამის შექმნის იდეა.  მართლაც, მალე აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია „ელკანას“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა.

ბატონი ტაიული, როგორც ექსპერტი, 22 წლის განმავლობაში ემსახურებოდა „ელკანას“ აგრარული ბიომრავალფეროვნების პროგრამას - სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს შენარჩუნებულია და ფერმერულ მეურნეობებში ითესება ახალციხის წითელი დოლი, დიკა, მახა, ზანდური, ჭვავის, ცულისპირას, მუხუდოს, ცერცვის, სელისა და სხვა კულტურების ადგილობრივი ჯიშები. ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაშიც, სადაც აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხები ცალკე პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიყო.

ბატონ ტაიულს დიდი ღვაწლი მიუძღვის ფერმერებსა და ფართო საზოგადოებაში, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, საქართველოს ენდემური და ადგილობრივი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში. 2003 წელს, აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბატონი ტაიულ ბერიშვილი იტალიის ქალაქ ნეაპოლში მოძრაობა Slow food-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

ტაიულ ბერიშვილის კოლეგებს ყოველთვის გვემახსოვრება გულისხმიერი, თბილი, თავაზიანი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, პრინციპული „ბატონი ტაიული“. ყველას გვაკლია მისი მორიდებული ღიმილი და დახვეწილი იუმორი...

ბატონი ტაიული დააკლდა თავის ქვეყანას, „ელკანას“ და იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა - საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვას!