მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

დანიის განვითარების სააგენტო (DANIDA) და შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS-EPER აგრძელებენ ბიომეთხილე ფერმერთა ტექნიკურ მხარდაჭერას!

2019 წელს, დანიის გავითარების სააგენტოსა (DANIDA) და შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანური ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში ბიოსერტიფიცირების ჯგუფში ჩართული მეთხილე ფერმერების რიცხვმა 525-ს მიაღწია და მათი მეურნეობების ფართობი 780 ჰექტარს ფარავს.

ბიოწარმოება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ისეთი სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას - ნიადაგის, ეკოსისტემის შენარჩუნებას და ადამიანის კეთილდღეობას. ბიოპროდუქტების მსოფლიო ბაზარი „პრემიუმ კლასის“ ბაზარია და ბიოპროდუქტებზე, მათ შორის, ბიოსერტიფიცირებულ თხილზეც, მოთხოვნა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.

ამავე დროს, საქართველოში ბიოწარმოების განვითარება მრავალ პრობლემას აწყდება. ბიოსერტიფიცირებით დაინტერესებულ მეთხილე ფერმერთათვის ყველაზე დიდი გამოწვევა მავნებლებისა და დაავადებების, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ეფექტური ბრძოლაა.

ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ პროექტის კომერციულ პარტნიორებთან - შპს „ანკა ფეარ თრეიდსა“ და სს „პაკასთან“ ერთად, სხვადასხვა მიმართულებებით იმუშავა: შემუშავდა და მეთხილე ფერმერებს დაურიგდათ თხილის ბიომეთოდებით მოვლის ფენოკალენდარული სქემა, ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები და საშუალება მიეცათ, საჭიროებისამებრ მიეღოთ კვალიფიციური აგრონომის კონსულტაცია; ბაზრის სისტემის განვითარების (MSD) მიდგომის გათვალისწინებით, პროექტმა  ასევე ხელი შეუწყო სერტიფიცირებაში ჩართულ ფერმერთა და მათი კოოპერატივების დაკავშირებას ბიოსაშუალებების მომწოდებელ კომპანიებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“.

ამასთან, ბიოსერტიფირების სქემაში ჩართულ 525 ფერმერს, წახალისების მიზნით, უსასყიდლოდ გადაეცა სხვადასხვა საშუალებები და საბაღე ინვენტარი (ბიოსასუქები, სეკატორები, მაკრატლები, შესაწამლი აპარატები და სხვ.).

ბიოსერტიფიცირების ინტერესი მეთხილე ფერმერებს შორის ყოველწლიურად იზრდება.