პროექტის „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით“ დახურვასთან დაკავშირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), 19 ნოემბერს გამართავს კონფერენციას „საქართველოს სასურსათო მემკვიდრეობა: გზა წარმატებული გეოგრაფიული აღნიშვნებისაკენ“.
გეოგრაფიული აღნიშვნები მძლავრი ინსტრუმენტია ქვეყნის ადგილობრივი ტრადიციების, სასურსათო მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის, აგრეთვე, მწარმოებელთა შემოსავლების ზრდისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. საქართველო ტრადიციული აგროსასურსათო პროდუქტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომელთა მაღალი ხარისხი და უნიკალური მახასიათებლები აშკარად დაკავშირებულია მათ ადგილწარმოშობასთან. ამიტომ, ქვეყანას გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.
2017 წლიდან, FAO-EBRD-ის მიერ დაფინანსებული პროექტი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასა“ და შვეიცარული ორგანიზაცია REDD-ის მხარდაჭერით, მჭიდროდ თანამშრომლობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან - „საქპატენტთან“, ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების ხელშეწყობისათვის, რაც ხორციელდებოდა ინსტიტუციონალური სუბიექტების, მწარმოებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების პოტენციალის ზრდის, გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ჩარჩო-პირობების რევიზიისა და სურსათის უვნებლობის, ყველის დეგუსტაციის, სერტიფიცირებისა და მარკეტინგის საკითხებში ტრენინგების ჩატარების გზით. პროექტის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა გეოგრაფიული აღნიშვნის ორი საპილოტე პროდუქტის - სულგუნისა და თუშური გუდის სპეციფიკაციების განახლება, გეოგრაფიული აღნიშვნების სერტიფიცირების სქემის შემუშავება და სათანადო ბაზრებთან დაკავშირება.
დასკვნით კონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლები, მწარმოებლები, საცალო ვაჭრობისა და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები, შეიკრიბებიან და ერთად განიხილავენ საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, შეაჯამებენ პროექტის შედეგებსა და მიღებულ გაკვეთილებს, ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების სრულყოფილი განვითარების სტრატეგიის გათვალისწინებით.
ღონისძიება საუკეთესო შესაძლებლობა იქნება შემდეგის განხილვისათვის: 1) როგორ შეიძლება დაეხმაროს გეოგრაფიული აღნიშვნების წარმატებული სქემა ხარისხიან პროდუქტებს გამორჩეული ადგილის დაკავებაში გაჯერებულ ბაზარზე და, ამავდროულად, ხელი შეუწყოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას; 2) რა როლი შეიძლება შეასრულოს ხელისუფლებასა და სხვა ინსტიტუციებთან წარმატებულმა პარტნიორობამ, ეროვნულ დონეზე ჩარჩო-პირობების გაუმჯობესების საქმეში.
გარდა ამისა, სულგუნისა და თუშური გუდის, შესაბამისად, დაცული გეოგრაფიულ აღნიშვნად და დაცულ ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაციისათვის, კონფერენციაზე საჯაროდ დაჯილდოვდებიან სულგუნისა და თუშური გუდის ასოციაციები.
კონფერენციაზე პირველად იქნება წარმოდგენილი ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული სასურსათო პროდუქტების ატლასი. კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტები.